“პირდაპირი ფრენები წაადგება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კავშირს სამშობლოსთან”, – ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
მისივე თქმით, მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის კეთილდღეობაა.
„ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობა, მათი კეთილდღეობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას. აქვე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ჩვენის ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, ეს გადაწყვეტილება კი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში, ხელს შეუწყობს მათ კავშირს სამშობლოსთან და გაუმარტივებს მათ ოჯახის წევრებსაც ჩვენს ქვეყანასთან კავშირს. რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს, ნათლად და ცალსახად უნდა განვმარტოთ, რომ ჩვენ არ გვქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა სახმელეთო კუთხით, თვის ჭრილში ალბათ ათასობით ავტომობილი მოძრაობს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უწევდა მესამე ქვეყნის გავლითა და სახმელეთო საზღვრის გამოყენებით სამშობლოში მოგზაურობა, რაც მნიშვნელოვნად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე. პირდაპირი ფრენები წაადგება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კავშირს სამშობლოსთან“, – აცხადებს ქვრივიშვილი.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება.