შალვა პაპუაშვილი: სავიზო რეჟიმის დაწესებაც და მოხსნაც მხოლოდ რუსეთის საკითხია და ამაზე ჩვენ რაიმე გავლენა ვერ გვექნებოდა

„ამ სანქციების დაწესებაც და მოხსნაც მხოლოდ რუსეთის საკითხია და ამაზე ჩვენ რაიმე გავლენა ვერ გვექნებოდა”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

“საქართველომ ორი რამ განაცხადა მკაფიოდ და ჩვენ ამ ორ განაცხადს კეთილსინდისიერად მივყვებით. პირველია ის, რომ საქართველო არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა სანქციები გვერდი აუაროს და ამ დანაპირებს საქართველო პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს. მეორე განაცხადია, რომ საქართველო არ აპირებს, ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს, გამომდინარე ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან, რათა არ მოხდეს ურთიერთობების ესკალაცია, ვინაიდან საქართველო კვლავ არის რუსეთთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის გაზრდილი რისკის ქვეშ“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები