“ავიაკომპანიები, რომლებიც რუსეთთან პირდაპირ ფრენებს დაიწყებენ, შესაძლებელია, დასანქცირდნენ” – ხატია დეკანოიძე

„პუტინის გადაწყვეტილება არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„პუტინის გადაწყვეტილება დააჯილდოოს საქართველოს ხელისუფლება ეხება იმას, რომ მან აკრძალვა მოხსნა კრემლის გავლენების გასაძლიერებლად ფრენებზე და სავიზო შეზღუდვაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გააძლიერებს ანტიდასავლურ, ანტიუკრაინულ პოლიტიკას, კრემლის გავლენებს, ეს იქნება და უკვე არის აღქმული ცივილიზაციის წინააღმდეგ წასვლად, ეროვნული ინტერესების დაკნინებად, რადგან ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ინტეგრაციას, ხოლო საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია.

ყველა ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს პუტინის სურვილს და დაიწყებს ავიამიმოსვლას და ამას დათანხმდება საქართველოს ხელისუფლება, ყველამ უნდა იცოდეს და განსაკუთრებით ავიაკომპანიებმა, რომ შესაძლებელია, ისინი მოხვდნენ სანქციების ქვეშ, რომელიც დაწესებულია და კიდევ უფრო ძლიერდება,”- განაცხადა დეკანოიძემ.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები