თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო მეორედ მონაწილეობს
თესალონიკში წიგნის საერთაშორისო ბაზრობა გაიხსნა, სადაც საქართველო მეორედ მონაწილეობს.
მწერალთა სახლის ორგანიზებით, თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე ქართველი ავტორების ბერძნულენოვანი თარგმანების პრეზენტაციები გაიმართება:
გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ (სულ მალე გამოიცემა ბერძნულ გამომცემლობაში).
„მეტყველი მარმარილოები“ – ესეების კრებული ქართულ-ბერძნული ურთიერთობების შესახებ, მედეა აბულაშვილის და ეკა ჭყოიძის ავტორობით (გამოიცემა გამომცემლობაში Vakxikon Publications).
ნანა ექვთიმიშვილი – „მსხლების მინდორი“ (World Books).
დიანა ანფიმიადი – თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია (Vakxikon Publications).
ნანა ექვთიმიშვილთან და დიანა ანფიმიადთან ერთად, პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ: ბერძენი გამომცემლები, მთარგმნელები და ლიტერატურის კრიტიკოსები: დიმიტრის ცეკურასი, მარია პარასკევა, გიორგოს პრასასი, ნინო ლუკაშვილი, ნესტორას პულაკოსი, ანინა გოგოხია.
საქართველოს სტენდზე (N093B, პავილიონი 13) გამოფენილია ქართველი გამომცემლების ახალი გამოცემები (სულაკაურის გამომცემლობა, „ინტელექტი“, „არტანუჯი“, „პალიტრა L“, ქარჩხაძის გამომცემლობა, ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო), მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოცემული უცხოენოვანი თარგმანები და ქართველი ავტორების კატალოგები.
საქართველო ათენის და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე 2021 წლიდან მონაწილეობს, რაც განაპირობებს ბერძენი გამომცემლების ინტერესის გაზრდას ქართული ლიტერატურისადმი.