„ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსი იმითაც გამოირჩევა, რომ აქ მუზეუმიც ფუნქციონირებს“ – თინათინ რუხაძე ლამისყანაში სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლამისყანაში მდებარე ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსის სრულ რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე:
დასრულებულია შენობის გადახურვის, ფასადისა და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი;
მოეწყო სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა;
რეაბილიტაცია ჩაუტარდა გალავნის კედლებსა და მის ზედა ნაწილებს;
დასრულდა კოშკების გადახურვა და საიზოლაციო სამუშაოები;
შშმ პირთათვის დამონტაჟდა სპეციალური ლიფტი.
ამჟამად, სასახლის პირველ სართულზე მიმდინარეობს კარების მონტაჟის, მეორე სართულზე – იატაკის მოწყობის სამუშაოები; გალავნის დაზიანებული ქონგურების გადაწყობა; ამორტიზებული აგურის სალოდეების დაშლა-აწყობა; კოშკების გადასახური ფილების გაწმენდა; ეზოს ქვაფენილით მოპირკეთება და ელექტროგაყვანილობის ქსელის მოწყობა.
„მოხარული ვარ, რომ კულტურული მემკვიდრეობის კუთხით მნიშვნელოვანი ობიექტების აღდგენას ვახორციელებთ. ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსი იმითაც გამოირჩევა, რომ აქ მუზეუმიც ფუნქციონირებს. რეაბილიტაციის პროექტი მთელი ამ მემკვიდრეობის სათანადოდ აღდგენასა და შენარჩუნებას ემსახურება.
ამავე სოფელში არის ძეგლის სტატუსის მქონე სხვა ობიექტებიც, რომლებიც მოვლა-პატრონობას საჭიროებს და მიმაჩნია, რომ სამომავლოდ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მათი რეაბილიტაციაც უნდა დაიგეგმოს, რათა სულ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, თუ რამხელა ისტორიას ინახავს ეს ადგილი”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
მინისტრთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს: სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა.
ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება.