ნინო ლაცაბიძე: მნიშვნელოვან ღონისძიებებს გავატარებთ იმისთვის, რომ ქალაქის ისტორიული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იყოს დაძლეული
“მნიშვნელოვან ღონისძიებებს გავატარებთ იმისთვის, რომ ქალაქის ისტორიული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იყოს დაძლეული,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსთავის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკოლოგიური მდგომარეობაა.
„როგორ ვიგეგმებით და რა არის პრიორიტეტი. დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც მსგავს პროექტებზე ვსაუბრობთ ხოლმე, ხშირად გვახსენებენ ქალაქის მთავარ გამოწვევებს. მინდა ვთქვა, რომ ერთი წამით არ გვავიწყდება ის მთავარი ისტორიული გამოწვევები, რომლებიც ჩვენს ქალაქს აქვს. ამ პროექტებზე საუბარი ნამდვილად არ გვაძლევს უფლებას, რომ არ ვიმუშაოთ ყოველდღიურად ისევე, როგორც ვმუშაობთ სამინისტროსთან, საპარლამენტო გუნდთან, რათა მაგალითად, რუსთავის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც არის, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ამ მიმართულებით კიდევ არ გადავდგათ ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორიც გადავდგით 2020 წელს კანონის გამკაცრებით. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, აზრს კარგავს ყველა ის პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, რომელიც განხორციელებულია უკვე, თუ არ გვექნება გარემო ისეთი, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. ძალიან ბევრ ნაბიჯს და მნიშვნელოვან ღონისძიებებს გავატარებთ იმისთვის, რომ ქალაქის ეს ისტორიული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იყოს დაძლეული.
რომ გავყოთ სამ დიდ მიმართულებად, რაზეც ახლა ჩვენ ვმუშაობთ, ეს არის ისტორიული პრობლემების დაძლევა, ყოფითი საკითხები და ყოფითი პროექტების განხორციელება, როგორიც არის, მაგალითად ლიფტების რეაბილიტაცია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აქაც ძალიან მასშტაბური საქმიანობა დავიწყეთ. ქალაქის ნახევარი თითქმის უკვე ჩანაცვლებულია თანამედროვე, ევროპული ლიფტებით. სადარბაზოების რემონტი, წყალარინების სისტემები, სახურავები, ეს არის ყოფითი, ყოველდღიური გამოწვევები, რომელიც ჩვენს ქალაქს აქვს. კიდევ უფრო აქტიურად ვაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას და არის სამომავლო დიდი გეგმები, რომლებიც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენი ქალაქის განვითარებას“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.