ნიკო სამადაშვილის ლექსების კრებულის წარდგენა გაიმართა

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ნიკო სამადაშვილის ლექსების კრებულის წარდგენა გაიმართა. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, გამოცემა პოეტის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა.
“ნიკოს პოეზია არასოდეს დაგვყურებს ზემოდან. იგი არ ქმნის დისტანციას ავტორსა და მკითხველს შორის. ის არც თავლისმომჭრელად ანათებს, არამედ რომელიღაც იშვიათი, ძვირფასი თვალის კიანთს ჰგავს და ეს არაერთხელ შეგვხვდება შემოქმედებით პროცესზე ფიქრისას, რომელიც მის ტექსტებში არასოდეს გაჩერებულა და არასოდეს გაქვავებულა. მისი ლექსები ჰგავს ერთი ფუნჯის მოსმით შექმნილ ტილოებს – თითქოს სწრაფად თქმულს, მაგრამ სინამდვილეში ღრმად განცდილს. ამ ტექსტებში იგრძნობა უმანკოება, და ამ უმანკოების მიღმა – ბალღური რისხვის ამოფრქვევა, შინაგანი ტკივილისა და სიწმინდის ერთდროული თანაარსებობა”, – თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ.
წიგნის გამოცემაზე მუშაობდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომლები თამარ ხიზამბარელი და დარეჯან თეთრაშვილი. გამოცემას ერთვის ბიბლიოგრაფია, რომელიც ქართველოლოგიის განყოფილების უფროსმა ნანი მაჭავარიანმა შეადგინა. ღონისძიებაზე მან კრებულზე მუშაობის პროცესზე ისაუბრა.
„დიდი პოეზია დროის თხელი ჩამონაჭერია, სადაც მარადისობა ლივლივებს (სიუზენ ზონტაგის ფრაზა შევაბრუნე ჩემებურად). ეს ფრაზა მიესადაგება ნიკო სამადაშვილის პოეზიას, მის საუკეთესო ლექსებს. მისი ლექსები მარადისობის ჭუჭრუტანებია, გასახედი უსასრულობაში“, – წერს კრებულის წინასიტყვაობაში მისი ავტორი და გამოცემის რედაქტორი გოჩა სხილაძე.
„ადამიანების ცხვორება არასდროს ყოფილა მარტივი. ყველა თავის დროს ემდურის. ნიკოს დროსაც თავისი სირთულეები ჰქონდა და ის იმაზე მეტად განიცდიდა ეპოქის სიძნელეებს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. ბუნება ჩვენს მიმართ გულგრილია. მხოლოდ ადამიანს შეუძლია ემპათია. ნიკო სამადაშვილის პოეზია სავსეა თავისი ეპოქის დარდითა და სევდით. მადლობა პოეტის შვილს, ნუგზარ სამადაშვილს იმისთვის, რომ მამის არქივი ბიბლიოთეკას გადასცა. მადლობა ქართველოლოგიისა და გამომცემლობის განყოფილებებს კრებულზე ნაყოფიერი მუშაობისთვის. მადლობა გოჩა სხილაძეს ძალიან საინტერესო წინასიტყვაობისთვის“, – განაცხადა მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის უფროსმა ემზარ ჯგერენაიამ.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს ქართველოლოგიის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჟანა ქვათაძის მიმართ, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდშიც დაიწყო კრებულზე მუშაობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები