გიორგი სოსიაშვილი: პრემიერ-მინისტრის თითოეული ინიციატივა ორიენტირებულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე
“პრემიერ-მინისტრის თითოეული ინიციატივა ორიენტირებულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე,”- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სოსიაშვილმა აღნიშნა, ფასების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის მიზანია ფასების დასტაბილურება.
„პრემიერ-მინისტრის თითოეული ინიციატივა ორიენტირებულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, სამშვიდობო პოლიტიკასა და ქვეყნის წინსვლაზე. ეს ინიციატივაც იყო დროული, რადგან საზოგადოება უკვე შეწუხებული იყო მზარდი ფასებით და ამიტომაც პრემიერმა შექმნა სამთავრობო კომისია და მას მერე შეიქმნა საპარლამენტო ჯგუფი.
ჩვენი მიზანია დავადგინოთ მიზეზები, რომ საქართველოში, სურსათის პროდუქტებზე არ იყოს ხელოვნური ფასნამატები. ჩვენი მიზანია გამოვიკვლიოთ ეს მიზეზები და ბიზნესსექტორთან ურთიერთობით, საბაზო ეკონომიკის პრინციპების დაცვით, ბალანსის შენარჩუნებით მოხდეს ამ მიზეზების დადგენა და გარკვეული რეგულაციების მიღება, რომელიც ფასებს დაასტაბილურებს“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.