ცოტნე ანანიძე – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე: სულხან თამაზაშვილი იმ სამთავრობო გუნდის წევრია, რომელმაც საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინა, დანაშაულის ჩამდენი პირები დაკავებულნი არიან მისი, როგორც თბილისის პოლიციის ხელმძღვანელის, პერიოდში – მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელის მიერ ოპოზიციურ მედიაში გავრცელებული წერილი მხოლოდ ბრაზის კვალია

“სულხან თამაზაშვილი სწორედ იმ სამთავრობო გუნდის წევრია, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინა,” – ასე ეხმიანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილს, რომელშიც საუბარია, თითქოს, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, ოთარ რომანოვ ფარცხალაძესთან კონტაქტზე იმყოფებოდა.

ანანიძის განცხადებით, სულხან თამაზაშვილის თბილისის პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნისას დააკავეს დანაშაულის ჩამდენი პირები, ხოლო, ორგანიზატორებს, სხვა დანაშაულის ჩადენისთვისაც წარედგინათ ბრალდება, შესაბამისად, ეს ფაქტები ცალსახად გამორიცხავს თამაზაშვილის მხრიდან ბრალდებულების მფარველობას.

“სულხან თამაზაშვილი სწორედ იმ სამთავრობო გუნდის წევრია, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინა. დანაშაულის ჩამდენი პირები დაკავებულნი არიან მისი, როგორც თბილისის პოლიციის ხელმძღვანელის, პერიოდში. ამავე პერიოდში აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორებს სხვა დანაშაულის ჩადენისთვისაც წარედგინათ ბრალი. ეს ფაქტები ცალსახად გამორიცხავს თამაზაშვილის მხრიდან ბრალდებულების მფარველობას.

შესაბამისად, მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელის მიერ ოპოზიციურ მედიაში გავრცელებული წერილი მხოლოდ ბრაზის კვალია და კიდევ ერთხელ გვახსენებს ანდაზას – „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“,” – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები