აშშ-ში აზერბაიჯანის საელჩომ ალიევის მანქანაზე თავდასხმის მცდელობის შესახებ განაცხადა

ვაშინგტონში მომიტინგეთა ჯგუფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მანქანაზე თავდასხმა სცადა, რომელიც შეერთებულ შტატებში „მშვიდობის საბჭოს“ შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში აზერბაიჯანის საელჩო ავრცელებს.

მანამდე ალიევი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწვევით ჩავიდა, რათა „მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრას დასწრებოდა. საელჩოს ცნობით, მომიტინგეთა ჯგუფმა 19 თებერვალს „ვალდორფ ასტორიას“ სასტუმროსთან ახლოს, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, „პროვოკაციული ქმედებები ჩაიდინა“.

„როდესაც პრეზიდენტის ავტოკოლონა სასტუმროს მიუახლოვდა, მომიტინგეებმა უსაფრთხოების ზონაში შეღწევა სცადეს და პრეზიდენტის მანქანის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები ჩაიდინეს. ამ ჯგუფმა ასევე გამოიყენა შეურაცხმყოფელი ენა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მიმართ“, – ნათქვამია საელჩოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა მომიტინგეების წინააღმდეგ საჭირო უსაფრთხოების ზომები მიიღეს, რადგან სახელმწიფოს მეთაურის გადასაყვანი დაცული ავტომობილის მოძრაობის შეფერხების ან ფიზიკური ჩარევის ნებისმიერი მცდელობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები