ევროკავშირი პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გადაწყვეტილებას გმობს, რომლებმაც უკრაინული პროდუქტების იმპორტი აკრძალეს 

ევროკავშირი პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გადაწყვეტილებას გმობს, რომლებმაც უკრაინიდან მარცვლეულის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი აკრძალეს.

სამმა ქვეყანამ პროდუქტების იმპორტი იმ არგუმენტით აკრძალა, რომ ექსპორტის ჭარბი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ფერმერებს და ადგილობრივ ბაზარს.

ევროკავშირში კი აცხადებენ, რომ აკრძალვა უკანონო და კონტრპროდუქტიულია.

ევროკავშირის დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ იმპორტის აკრძალვა როგორც საერთაშორისო, ისე – ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება,  შესაბამისად, სასურველს მიზანს ვერ მიაღწევს.

როგორც ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჟდენეკ ნეკულამ განაცხადა, “ცალკეული ქვეყნების ცალმხრივი აკრძალვები ვერაფერს მოაგვარებს”.

მისი თქმით, “ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე უნდა მოხდეს შეთანხმება იმ წესების შესახებ, რომელთა მიხედვით, უკრაინული საქონელი ტრანზიტით ევროპის პორტებში მოხვდება, პროდუქცია კი უფრო შორს იმ ქვეყნებშიც გავა, რომლებიც უკრაინულ წარმოებაზეა დამოკიდებული”.

Politico წერს, რომ პრობლემა შესაძლოა, ნელი მოქმედების ნაღმად გადაიქცეს, რადგან უკრაინის ეკონომიკა მარცვლეულის ექსპორტზეა დამოკიდებული. რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა  “სოლიდარობის დერეფანი” დააწესა და უკრაინული ტვირთისთვის ყველანაირი შემოწმება და საბაჟო გადასახადი 2024 წლის პირველ ნახევრამდე გააუქმა.

ამის შედეგად მეზობელ ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა, რამაც ადგილობრივი ფერმერების გაბრაზება გამოიწვია, რადგან, მათი თქმით, კონკურენციის გაწევას ვერ ახერხებენ.

ევროკავშირში პოლონეთის ელჩმა, ანჯეი სადოსმა გამოცემას განუცხადა, რომ “სოლიდარობის დერეფანი არ მუშაობს. ტრანზიტზე ეფექტური კონტროლის შესაძლებლობა არ გვაქვს. ელევატორებში 4 მილიონ ტონამდე უკრაინული მარცვლეული გვაქვს და გვჭირდება დრო, რომ ვითარების დასტაბილურება მოხდეს”.

მისი თქმით, ამ დრომდე პრობლემა ევროკომისიის მიერ იგნორირებული იყო, რამა პოლონეთის მთავრობის მოქმედება გამოიწვია.

საპასუხოდ, ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა ვარშავა “ჟესტების პოლიტიკაში” დაადანაშაულა.

მისი თქმით, “ვითარებამ პიკს მიაღწია და მას სურს, გვაჩვენოს, რომ ფერმერებს უჭერს მხარს. მაგრამ ეს ნამდვილად ყველაზე ელეგანტური გადაწყვეტილება არ არის, განსაკუთრებით, უკრაინასთან სოლიდარობის ფონზე”.

ევროკავშირში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია იმის შეფასება, კანონიერია თუ არა სამი ქვეყნის გადაწყვეტილება, თუმცა, აღინიშნა, რომ “სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება, შესაბამისად, ცალმხრივი გადაწყვეტილებები მიუღებელია”.

ამასთან, პოლონეთში უარყოფენ წესების დარღვევას და ამბობენ, რომ ეროვნულ კანონებს ეყრდნობიან, რომლებიც იძლევა ამგვარი ქმედების შესაძლებლობას “ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე”.

პოლონეთში ფერმერთა პროტესტის ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა, ვესლავ გრინმა თქვა, რომ “ორი თვით უკრაინული მარცვლეული აკრძალვა ნაკლებად ეფექტური იქნება, რადგან 4 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტისთვის, რომელიც პოლონეთშია, სულ მცირე, 6 თვე დასჭირდება”.

ევროკავშირმა პრობლემის გადასაჭრელად პოლონეთს 30 მილიონამდე ევრო გამოუყო, ბულგარეთს – 16,8 მილიონამდე, ხოლო რუმინეთს 10 მილიონამდე.

თუმცა, პოლონეთში აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის, “რადგან საჭიროა სისტემური გადაწყვეტილებები და არა – ფერმერების მხარდაჭერა”. ევროკავშირში პოლონეთის ელჩმა თქვა, რომ ვარშავას სურს, მომავალშიც დაუჭიროს მხარი უკრაინას იმპორტის ხარჯზე, თუმცა, “ამის ფასი მილიონობით პოლონელი ფერმერების გაკოტრება ვერ იქნება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები