არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ბევრი მოთხოვნა და მუქარა გვახსოვს საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით
მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე სასამართლო სისტემაში კორუფციულ ქმედებათა შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა.
„ბევრი მოთხოვნა და ბევრი მუქარა გვახსოვს ამ ოპოზიციის საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით. იქნებ, ერთხელ მაინც შეასრულონ თავისი ფუნქცია და ერთხელ მაინც გასწიონ ჯეროვანი ოპონირება. იცით, რომ მათ ძალიან უჭირთ პარლამენტში სრულყოფილი საქმიანობა. მათ აქვთ საკმარისი მანდატები და რადგან წინსწრებით გააკეთეს ასეთი ხმამაღალი განცხადება, იმედია, შეძლებენ, ოდესმე თავიანთი ფუნქცია შეასრულონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს მიმართავენ. სალომე ზურაბიშვილთან გაგზავნილ მოთხოვნას 46 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „რეფორმების ჯგუფის” მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიღება იქნება, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.