ლიეტუვა ნატოს “32 და მეტ წევრამდე გაფართოებას” უსურვებს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსების 74-ე წლისთავზე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ ნატო გააგრძელებს გაფართოებას „ისევე სწრაფად, როგორც ბოლო ერთ წელს“.
ამის შესახებ უწყების Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი.
„ვიმედოვნებთ, რომ 11-12 ივლისის ვილნიუსის სამიტისთვის ალიანსს უკვე, სულ მცირე, 32 წევრი ეყოლება და რომ ის გაფართოებას გააგრძელებს“, – აღნიშნულია მილოცვაში.
შეტყობინებასთან ერთად უწყებამ ვილნიუსის სამიტის ლოგოც წარადგინა.
დღეს ფინეთი ნატოს 31-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდება. რამდენიმე საათში ალიანსის შტაბ-ბინაში ქვეყნის დროშა აღიმართება.
ამავდროულად, შვედეთის გაწევრიანების პერსპექტივა, თურქეთის და უნგრეთის გამო, ისევ გაურკვეველი რჩება. არ არის გამორიცხული, რომ ანკარამ პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეცვალოს და ვილნიუსის სამიტისთვის ოქმის რატიფიცირება მოესწრება.