პუტინმა ვლადლენ ტატარსკი სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აფეთქების შედეგად დაღუპული რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი, სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი გამბედაობისთვის, სიმამაცის ორდენი გადაეცეს ფომინ მაქსიმ იურიევიჩს (ვლადლენ ტატარსკი), ომის კორესპონდენტს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
2 აპრილს სანკტ-პეტერბურგის ცენტრში მდებარე კაფეში აფეთქების შედეგად რუსი პროპაგანდისტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს აქტიურად უჭერდა მხარს, მაქსიმ ფომინი, იგივე ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე კორესპონდენტს ქალმა ყუთით საჩუქარი გადასცა, რომელიც 5 წუთის შემდეგ აფეთქდა.
აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი – დარია ტრეპოვა დააკავეს.