ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთში გაზის მიწოდება 2-3 დღეში აღდგება
ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ სომხეთში გაზის მიწოდება აღდგეს 2-3 დღეში, რადგან დარიალის ხეობაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გაზის მილი დაზიანდა, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგასთან ერთობლივი ბრიფინგისას გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სომხეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო დარიალის ხეობაში განვითრებულ სტიქიურ მოვლენებს, რაც წელს უკვე მეორედ დაფიქსირდა.
პრემიერმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მიეცა მეგობარ სომხეთის რესპუბლიკაში სტუმრობის საშუალება, რომელთანაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა და თანამშრომლობა აკავშირებს. მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით „მეგობრობის ხიდი“ აშენდება. „შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ხელი შევუწყოთ საქმიან წრეებს. ამ თვალსაზრისით, აღვნიშნეთ, რომ გაჩნდა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით,“- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. სომხეთის მთავრობის მეთაურის ჰოვიკ აბრაჰამიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ინფრასტრუქტურის განვითარება, სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება, საგანმანათლებლო-ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების გაღრმავება.
„განსაკუთრებით ხაზი გაესვა სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის მნიშვნელობას და რეგულარული შეხვედრების აუცილებლობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საუკეთესო საშუალებაა. განვიხილეთ გასულ ღამეს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტში მომხდარი მეწყერისა და მისი აღმოფხვრის გზები.
ჩემს კოლეგას შევთავაზე შესაბამისი სამსახურების დახმარება”, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა. ჰოვიკ აბრაჰამიანმა განმარტა, რომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერევანი-თბილისი და ერევანი-ბათუმის ავიარეისების განხორციელების აუცილებლობას, ასევე, მნიშვნელოვნად ჩაითვალა კულტურულ-ისტორიული მდიდარი მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის საკითხი.