პროკურატურამ მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარი მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაზარალებულის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაავრცელა.
“ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.