ლევან მაჭავარიანი: ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა ეუთო/ოდირს – დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ჩამობრძანდებიან
„მაინც რომ გამოვრიცხოთ და დავუკეტოთ სასპეკულაციო ველი როგორც შიდა, ასევე – გარე აქტორებს, ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა ეუთო/ოდირს ამ არჩევნებთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატები, რომლებიც არჩევნებამდე ამბობდნენ, რომ დაეყრდნობოდნენ ეუთო/ოდირის დასკვნას, შემდეგ შეცვალეს, თავისი ჩვენება.
„გახსოვთ, წინა არჩევნების ანგარიში, ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა, როდესაც მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, ცესკომ მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. მას შემდეგ ჩვენ მოგვიწია ეუთო/ოდირის რეპუტაციის დაცვა, იქიდან გამომდინარე, თუ როგორი შეტევები ხორციელდებოდა და ის ევრობიუროკრატები, რომლებიც არჩევნებამდე ამბობდნენ, რომ დაეყრდნობოდნენ ეუთო/ოდირის დასკვნას, შემდეგ შეცვალეს, თავისი ჩვენება – უკაცრავად, ჟარგონისთვის და დაიწყეს ეუთო/ოდირის ლანძღვა-გინება. ხან კორუმპირებულ ორგანიზაციას უწოდებდნენ და ასე შემდეგ.
შემდეგ ისინი გვთხოვდნენ, რომ ეუთო/ოდირს რატომ არ იწვევს „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზეო. სწორედ ამიტომ არ ვიწვევდით, რომ არავინ ანგარიში არ გაუწია მის დასკვნას. თუმცა, მაინც რომ გამოვრიცხოთ და დავუკეტოთ სასპეკულაციო ველი თავიდან ბოლომდე, როგორც შიდა, ასევე – გარე აქტორებს, ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა ეუთო/ოდირს ამ არჩევნებთან დაკავშირებით და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ჩამობრძანდებიან და დააკვირდებიან თვითმმართველობის არჩევნებსაც“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს.