“სოსო რობაქიძეს ამ ნაძირალებმა ერთადერთი შვილი მოუკლეს, ასეთ ადამიანს კიდევ რომ შეურაცხყოფას მიაყენებ და შეაგინებ, ეს არანაირ ადამიანურ ჩარჩოში არ ჯდება”

“სოსო რობაქიძეს ამ ნაძირალებმა ერთადერთი შვილი მოუკლეს. ასეთ ადამიანს კიდევ რომ შეურაცხყოფას მიაყენებ და შეაგინებ, ეს არანაირ ადამიანურ ჩარჩოში არ ჯდება. ქართულში რომ არ ჯდება, ეს თავისთავად. შვილმოკლულ მშობელს, მამას , დედას რომ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენოს, მე ასეთი რამ არ გამიგია, “- ამის შესახებ, მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ პრესკონფერენციაზე იმ ინციდენტის შესახებ ისაუბრეს, რომელიც
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის დღეს მოხდა. მათი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სოსო რობაქიძეს აგინეს.

“მოგეხსენებათ, უკვე თვეებია, დედაქალაქში ოპოზიციის მხრიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სიმართლე გითხრათ, რას აპროტესტებენ, ძნელი გასაგებია, იმ გაგებით, რომ არჩევნების გაყალბების არანაირი მტკიცებულება, არჩევნებთან მიმართებით რაღაცა ნეგატიური პოზიცია არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია. მაგრამ, ეს ადამიანები დაფინანსებულები არიან, უცხო ქვეყნის დავალებებს ასრულებენ, ყველაფერს აპროტესტებენ, რაც დავალებით ექნებათ მიცემული. ამ ბოლო დროს აშკარად იკვეთება, რომ აგრესიის მუხტი ძალიან მოემატათ.

გუშინწინ თბილისის მერობის კანდიდატის, მოქმედი მერის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნა იყო. იქ ბევრი თვალსაჩინო ადამიანი, მხარდამჭერი იყო მისული. ეს ყველაფერი გარეთ აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ვერ გავიგე, რას აპროტესტებდნენ. მერობის კანდიდატს, კაცს, რომელიც კარგა ხანია ქალაქის მერია, პარტიის პოლიტიკური მდივანია, ბუნებრივია, რომ შტაბი უნდა ჰქონდეს და არჩევნებისთვის მოემზადოს. მთავარი პროცესები გარეთ ხდებოდა, როდესაც ეს ადამიანები (აქციის მონაწილეები) იქ მოსულ საზოგადოებისთვის ცნობად სახეებს აგრესიულად ექცეოდნენ. როდესაც მე და სოსო რობაქიძე შტაბიდან გამოვედით, უწყინარი სიტუაცია იყო. სადაც პოლიციელების კორიდონი იდგა, იქ რამდენი ათეული მომიტინგე იყო, აბსოლუტურად მოულოდნელად, ჩვენდა გასაკვირად, ერთ-ერთმა ძალიან ვულგარული ფორმით სოსოს მიმართა. დაიძახა, “რობაქიძის მამა, ეს აფერისტი ” და დედა შეაგინა. სოსო ქართველი კაცია, მასაც ადეკვატური რეაქცია ჰქონდა . ყველა ღირსეული ადამიანი შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, ვინც სოსო რობაქიძის ოჯახის ტრაგედია იცის . ამ ნაძირალებმა ერთადერთი შვილი მოუკლეს. შეეცადნენ, დაებრალებინათ, თითქოს, ის ბანდიტი იყო. ნახევარი საათი ბავშვი ცოცხალი იყო , სასწრაფო არ მიუშვეს , სანამ იარაღები არ ჩადეს, რომ ბანდიტობა დაებრალებინათ. ადამიანს შვილი არ დარჩა. ასეთ ადამიანს რომ კიდევ შეურაცხყოფას მიაყენებ და შეაგინებ, ეს არანაირ ადამიანურ ჩარჩოში არ ჯდება. ქართულში რომ არ ჯდება, ეს თავისთავად. შვილმოკლულ მშობელს, მამას , დედას რომ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენოს, მე ასეთი რამ არ გამიგია.
გუშინწინ საღამოს “Tv პირველზე” სიუჟეტი გავიდა ,სადაც ამ ფაქტის მხოლოდ მეორე ნაწილს აშუქებდნენ, სადაც სოსოს ჟესტიკულაცია ჩანს. აკეთებენ ასეთ კომენტარს, რომ “ქართული ოცნების” ” მხარდამჭერი, სოსო რობაქიძე შტაბიდან გამოვიდა და მან ჟესტით ამ ადამიანების აგრესია გამოიწვიაო. რა თქმა უნდა, არ აჩვენებენ პირველ ნაწილს. თავის თავს ხომ არ დაიდანაშაულებენ, იმას ხომ არ აჩვენებენ, როგორ აგინეს ადამიანს, როგორც კი შტაბის შენობიდან გამოვედით”- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

სოსო რობაქიძის თქმით, ტელეკომპანია ” Tv პირველი” შეეცადა, ეჩვენებინა, თითქოს, აქციის მონაწილეები იმიტომ აღელდნენ, რომ ის უზრდელურად მოიქცა.

“ოფისიდან გამოვედით, ორი ნაბიჯი გადავდგით და დაიწყეს : ” აი რობაქიძის მამა, ამის აფერისტი დედაც”. ყველა აჰყვა ამ გინებაში. “Tv პირველი ” რას აკეთებს: რომ მე ვითომ უზრდელი ვარ, ეს ადამიანები იმიტომ აღელდნენ, რომ მე უზრდელურად მოვიქეცი. ვერცერთი ჟურნალისტი ვერ მეტყვის, რომ ოდესმე უწმაწური სიტყვა მითქვამს.
როგორ ჰგონიათ, ჩემს მკვდარ შვილს და ოჯახს ვაგინებინებ? ამ საქმეებმა ისეთი რამე გაგიკეთათ ნაცებო, ვერასდროს ვერსად მოხვალთ. ამაზე გეშლებათ ნერვები. ესენი კაცთმოძულე ადამიანები, ბოროტები არიან. ჯერ ბექა ოდიშარიას რას ეუბნებიან. ადამიანს ხანდახან ექიმი უმალავს ასეთ დიაგნოზს და ესენი ეუბნებიან , კიბო გაქვსო. ოდიშარია თქვენს ჯინაზე 100 წელი იცოცხლებს. ქალი გამოვიდა და ბიძინა ივანიშვილს შვილიშვილების, შვილების წყევლა დაუწყო. ჩვენ, თითო შვილი ჩაგვიდეს მიწაში, მიშა სააკაშვილის არც შვილი, არც შვილიშვილი არც დედაჩემს, არც იას, არც ირინა ენუქიძეს და არც მე არ დაგვიწყევლია. თქვენ, ცხვირის გატეხას ჯალათობას ეძახით? წყევლით მაგის გამო? ლამის ნახევარი რუსთაველი დაწვეს. ვინაა ეს ხალხი? ეს ახალგაზრდები ვინ არიან? იქ წესიერი ახალგაზრდებიც არიან, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამ ქვეყანას არ გამოადგებიან”, – განაცხადა რობაქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები