საბერძნეთში ქალმა საკუთარ სახლში, მარტო იმშობიარა – იგი ახალშობილთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს
საბერძნეთში, პატისიაში, 34 წლის ქალი და მისი ახალშობილი საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.
წინასწარი მონაცემებით, საბერძნეთის მოქალაქეობის მქონე ქალი ორსულობის ბოლო ეტაპზე იმყოფებოდა და მომდევნო დღეებში უნდა ემშობიარა.
მისი მეუღლის თქმით, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ცოლთან ტელეფონით დაკავშირება ვერ შეძლო, რის შემდეგაც სახლში დაბრუნდა, მისაღებ ოთახში კი მეუღლე, ჩვილთან ერთად, უგონო მდგომარეობაში იპოვა.
პირველადი ინფორმაციით, ქალმა მარტო იმშობიარა და ჭიპლარი მაკრატლით გადაჭრა. ყველაფერი მისი ორი არასრულწლოვანი შვილის, 3 და 5 წლის ბავშვების თვალწინ მოხდა.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა დანაშაულის ნიშნები არ გამოვლენილა. მომხდარის ზუსტ მიზეზს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.