ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ მედიცინა აირჩია. ერთი გამოცდით ჩააბარა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე და წარჩინებით დაამთავრა 1995 წელს.
კერძო პრაქტიკის უროლოგი და ოჯახის ექიმია (მედიკოსების მესამე თაობა), ამასთან, მოყვარული მხატვარი და მოყვარული პიანისტი – იმპროვიზატორი.
„ჩემი ნახატების მუზა ჩემი ბაღის მშვენიერი პაწაწინა სარეველები და სულდგმულები არიან, უბრალო სილამაზით და სიმშვიდით რომ ადიდებენ უფალს. ექიმი ვარ, პაციენტებს გულს ვუხარებ მხოლოდ“. – უროლოგის, ოჯახის ექიმის და მხატვრის, ლია ივანიძის პერსონა.
– ორი-სამი წლისამ რომ ვთქვი, მხატვარი გამოვალ-მეთქი, ახლა ახდა! ხუთი წლისამ პიანინო ვაყიდვინე მშობლებს.
სკოლაში მასწავლებლებს ვხატავდი. განყოფილების გამგემ დამიბარა, მეგონა საყვედურისთვის. გამოფენას მოგიწყობთო, ვიუარე, მომერიდა.
პირველი ნახატი 2-3 წლისამ შევქმენი, ექიმი დავხატე, კბილს რომ უღებს პაციენტს, ალბათ, მონაყოლის მიხედვით, ჩემი თავი თეთრებში ჩაცმული წარმომედგინა.10 წლიდან მიზანმიმართულად ვსწავლობდი ექიმობას ჩემი შურა ბაბოს სამედიცინო წიგნებიდან, რომელიც ტახტში იდო. დღეში რამდენჯერ ვწევდი ტახტის მძიმე სახურავს და ერთსა და იმავეს ათასჯერ ვკითხულობდი.პირველი ნევროლოგიური დიაგნოზი მეხუთე კლასში დავუსვი კლასელს. პროფესიულ სასწავლებლებში დავყავდით სკოლიდან. არ მივყვებოდი, ჩემი კაბინეტი, კერძო კლინიკა მექნება-მეთქი. არ არსებობს კერძო ჩვენს ქვეყანაშიო, – დედამ მითხრა. ჩემთვის იარსებებს – მეთქი. კერძო კაბინეტი კი უფალმა მომცა.
სამედიცინო სასწავლებელში საახალწლო გაზეთი მომახატინეს და არ გამოფინეს, ვფიქრობ, პედაგოგმა გამოიყენა თავისი ახლობლისთვის. სულ ვხატავდი და ვხატავდი ჩემთვის.
– თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრეთ…
– სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ერთი გამოცდით ჩავირიცხე. ლექციების დროსაც ვხატავდი, თან ლექციას ვიწერდი. ორივეს ვასწრებდი. კალმით ან გრაფიტის ფანქრით ვხატავდი ყოველთვის.
სწავლის პერიოდში სამჯერ მივიღე მონაწილეობა სტუდენტ-მედიკოსთა სამეცნიერო კონფერენციაში და სამჯერვე გავიმარჯვე.
– პაციენტებს გულს ვუხარებო, ამბობთ. ზოგჯერაც მათ მოლოდინში ხატავთ…
– ფერწერით 2023 წლის ნოემბერში დავინტერესდი. ეს უფრო მომწონს.
პაციენტების მოლოდინში კი არ ვხატავ, პაციენტი როცა გზაშია და მე ნახევარი საათი დრო მაქვს, მაშინ ვხატავ, ტყუილად რომ არ ველოდო. ცხადია, სხვა დროსაც ვხატავ. ძალიან სწრაფად ვხატავ და ვაქვეყნებ, ვინმეს გასახარებლად!– უფრო მეტად ყვავილებს ხატავთ?
– მინდვრის წვრილ-წვრილ ყვავილებს, პაწაწა სულდგმულებს… ვარდი – მეფეა… წვრილიანი ტყის… წვრილ-წვრილი ახალგაზრდა ხეების ხატვაც მიყვარს.
მთავარია, მაყურებელი არ დაისტრესოს და გახალისდეს!
– სხვა გატაცებებიც გაქვთ…
– კერვა-ქსოვა მიყვარს და მიტოვებული ავადმყოფი კნუტების მოვლა და მკურნალობა – უტყვს და უფულო საბრალო ცხოველს რომ უმკურნალებ, უფლის პირველივე მცნებას ასრულებ – იზრუნე ამათზეო, ამას არავინ დაგიფასებს, მამაზეციერის გარდა. ცხოველი კი ბევრად მადლიერია, ვიდრე ადამიანი.– სამომავლო გეგმები….
– 19 წლიდან სულ ავადმყოფების კვნესასთან მაქვს საქმე. ძნელია, ბუნებრივად ენერგეტიკული დონორი თუ არ ხარ, ამას ვერ შეძლებ. თან არც შვებულებები არ მაქვს კერძო საქმის გამო. ხატვა კი დასვენება და ენერგიის აკრეფაა.
სამომავლო გეგმები უფალმა წარმიმართოს მე და ყველას. მის გარდა ყველაფერი ტყუილია, სიცრუეა, უფალი კურნავს. ყველაფერი მისგანაა! ყველა მადლს და ნიჭს უფალი იძლევა!
თამარ შაიშმელაშვილი