ქართული წარმოების ჯავშანჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების პრეზენტაცია გაიმართა

სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე ქართული წარმოების ჯავშანჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების პრეზენტაცია გაიმართა. ჯარისკაცის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოცდა-ტესტირებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, არსებობს ამბიცია, რომ პროდუქტმა გაიმარჯვოს და სხვა ბაზრებიც დაიპყროს.
„ჩვენთვის მთავარია ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი ოფიცრების, იმ ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების და ქალბატონების დაცვა, რომლებიც მიდიან ცხელ წერტილებში, საერთაშორისო ოპერაციებში. ჩვენთვის თავიდანვე პრიორიტეტად იყო გამოცხადებული პირადი დაცვის საშუალებები. ასე რომ, ორმაგად სასიხარულოა, რომ დღეს „დელტამ“, მისმა სამეცნიერო ჯგუფმა და ხელმძღვანელობამ შეძლო ამ შეკვეთის წარმატებით განხორციელება. ჩვენ, ბუნებრივია, ამაში ჩავდეთ გარკვეული სახელმწიფო ინვესტიცია და ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ დღეს ამ პროდუქტს აწერია – წარმოებულია საქართველოში. პროდუქტმა გამოცდა გაიარა. ჩვენ, რა თქმა უნდა, შესწავლილი გვაქვს ბაზარიც. როგორც თავდაცვის სამინისტრო, სხვა უწყებებიც, მათ შორის შინაგან საქმეთ სამინისტროც, ალბათ დაინტერესდება ამ პროდუქციით. მაგრამ, ასევე ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამბიცია იმის, რომ ამ პროდუქტმა გაიმარჯვოს და დაიპყროს სხვა ბაზრებიც. სხვა დასავლური ქვეყნების მიერ წარმოებული ჯავშანჩაფხუტების და ჯავშანჟილეტების ანალოგიები ბევრად უფრო მძიმეა, ჩვენი კი ბევრად უფრო მსუბუქია. რა თქმა უნდა, ხარისხიც ძალიან მაღალია. გილოცავთ, რომ ასეთი წარმატებული გამოცდა გაიარა ამ პროდუქციამ და დასაქმებულნი არიან ქართველი სპეციალისტები. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ნატოს სტანდარტებთან ჩვენი დაახლოებისა და ჩვენი ეროვნული თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებისკენ“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ახალი ქართული პროდუქციის პრეზენტაციაზე დღეს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეებიც იმყოფებოდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სპეციალურ სასროლეთზე საქართველოში წარმოებული სამხედრო აღჭურვილობის გამოცდა-ტესტირება გაიმართა. სამხედრო ინსტრუქტორებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღებიდან სროლის შემდეგ ჯავშანჩაფხუტისა და ჯავშანჟილეტის დაზიანების ხარისხი შეამოწმეს. „დელტაში“ სხვადასხვა დანიშნულების – საერთო-საჯარისო, სპეციალური დანიშნულების, საპოლიციო და ქალი-სამხედრო მოსამსახურეებისთვის ჯავშანჟილეტების დამზადება მიმდინარეობს. ჯავშანჩაფხუტის წონა 1200-1500 გრამს შეადგენს. ჩაფხუტის შიდა აღჭურვილობა სრულად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. ადვილია მისი თავზე მორგება-რეგულირება. ასევე, უზრუნველყოფს დარტყმის ძალის შთანთქმას და ამორტიზირებას. ჯავშანჟილეტის წონა 3200 გრამს შეადგენს. დაცვის ფართი 42 დმ. კვადრატში. ჯავშანჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების წარმოება ერთ-ერთია იმ პროექტებიდან, რომელზეც „დელტა“ ბოლო პერიოდში მუშაობს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს სპეციალურად მოწყობილ სასროლეთში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შესაძლებლობა მიეცათ.

1616400_218873574985500_1613672789_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები