თენგიზ მირზაშვილი საქართველოს სიყვარულს ფერით, სიტყვით და ადამიანებთან გულწრფელი დამოკიდებულებით გამოხატავდა

დღეს თენგიზ მირზაშვილს 89 წელი შეუსრულდებოდა. სულ მეგონა, რომ იგი საუკუნეს მიატანდა. ჯანმრთელი, მუხლმაგარი და მუდამ ხალისიანი მახსოვს და ალბათ ამიტომ.
15 წელიწადი გავიდა უჩუბჩიკოდ და რაოდენი დანაკლისია ეს იმ ქვეყნისთვის, რომლის ისტორიის, კულტურის, ახალგაზრდობის გულითადი მოსარჩლე და თავდაუზოგავი მოამაგეც იგი იყო.
შინაარსიანი და სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვრა და ამიტომ იყო მისი ამქვეყნიური ყოფნა აზრიანიც და მოუწყინარიც. ის სიკეთით სავსე პიროვნება იყო, ვისაც უთქმელად ესმოდა ადამიანების და მათი გულის გასათბობად და იმედის საჩუქებლად არც დროს ანგარიშობდა და არც ენერგიას.
უამრავი ადამიანი გაიხსენებს მის ჩუმად ნაკეთებ მადლს. რაც დრო გადის, კიდევ უფრო იზრდება მისი პიროვნების მნიშვნელობა, ასეთი ადამიანები ძალიან სჭირდება საზოგადოებას, ცხოვრების ნამდვილი საზრისის შესამეცნებლად.
თენგიზ მირზაშვილს განსაკუთრებით უყვარდა ფიროსმანი და ბევრიც გააკეთა მისი ხელოვნების ხალხთან კიდევ უფრო დასაახლოებლად და უკეთ გასაცნობად. ამ გადასახედიდან მიმაჩნია, რომ თენგიზ მირზაშვილი თავისი ყოველდღიურობით განასახიერებდა ფიროსმანის აუხდენელ სურვილს: მხატვრებს მაგიდის გარშემო მოეყარათ თავი, ესვათ ჩაი და ესაუბრათ სახელოვნებო საკითხებზე.
თენგიზ მირზაშვილის სახლი ქიაჩელზე და სახელოსნო ვაკეში, „ენგურჰესის” კორპუსის ბოლო სართულზე სწორედ ასეთი თავშეყრების ადგილი გახლდათ, სადაც შეხვდებოდით: მხატვრებს, მწერლებს, მეცნიერებს, რეჟისორებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და სხვა ნაირგვარი პროფესიის ადამიანებს.
ისინი მოდიოდნენ, მასპინძელი მათ სურნელოვან ჩაის და სხვადასხვა ნუგბარს სთავაზობდა. მათი საუბრები კი ეხებოდა ხელოვნების, მეცნიერების, ახალი გამოცემების საჭიროების საკითხებს, იმ ხარვეზის გამოსწორებას, რაც კომუნისტური წნეხის პირობებში დაუშვეს ჩვენმა ისტორიკოსებმა.
ძალიან ბევრი რამ არის სათქმელი და გასახსენებელი ამ დიდებულ კაცსა და მხატვარზე, რომელიც საქართველოში დღესაც ყველაზე პოპულარულ და უმალ საცნაურ ხელოვანად რჩება. მისი მეტსახელი „ჩუბჩიკა” კი ლამის მხატვრის პროფესიის სინონიმად იქცა!
იგი საქმით მეტყველი და დაუცხრომელი ადამიანი იყო, ჩავლილმა თხუთმეტმა წელიწადმა მისი წონა და მნიშვნელობა გაცილებით გაზარდა. მაგრამ მაინც ვთვლი, რომ რაღაც აკლია თბილისს, რაც მის სახელსაც აცოცხლებს და საზოგადოებასაც სასიკეთოდ წაადგება.
ვფიქრობ, უნდა შეიქმნას ამ უნიკალური ხელოვანისა და მოაზროვნის ფონდი, რომელსაც დედაქალაქის ცენტრში უნდა დაეთმოს ფართი, სადაც მოეწყობა მირზაშვილის ცენტრი. ამ პიროვნების უკიდეგანო ნიჭიერება, სიკეთე, ადამიანების და სამშობლოს უანგარო სიყვარული იმსახურებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ძველად ასეთებს ერისკაცებს ეძახდნენ საქართველოში… მათი სახელის და საქმიანობის შეხსენება მომავალ თაობებს განსაკუთრებით სჭირდება, რათა სიკეთის, გულწრფელობის და პატიოსნების ნერგმა იხაროს და მეტად გაიდგას ფესვი.

 

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები