„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-11 სეზონი და მოცარტის პიანოფორტე საქართველოში

12 ნოემბერს, 19:30 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე სცენა ისტორიულ კონცერტს უმასპინძლებს. მოცარტის პიანოფორტეს ზუსტ ასლს წარადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორტეპიანოს მწარმოებელი – პოლ მაკნალტი.
მანამდე კი „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-11 სეზონი, 28 ოქტომბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიხსნა კონცერტით – „ქართული და ევროპული ძველი მუსიკა“.
„საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პირველ განყოფილებაში ფოლკლორულმა ანსამბლმა „შავნაბადამ“ ქართული ტრადიციული მუსიკის უძველესი ნიმუშები წარმოადგინა, ხოლო მეორე განყოფილებაში, მსოფლიოში აღიარებულმა კონტრტენორმა ანდრეას შოლმა, ცნობილმა იტალიელმა სოპრანომ ჯულია ბოლკატომ, „თბილისის ქალთა გუნდმა“ და „საქართველოს სინფონიეტამ“, კორნელია ფონ კერსენბროკის დირიჟორობით, ჯოვანი ბატისტა პერგოლეზის შედევრი – Stabat Mater შეასრულეს.
მეორე კონცერტი 9 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე ჩატარდა, სადაც „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრმა“ იოჰან სებასტიან ბახის მუსიკა შეასრულა ქართველი მსმენელებისთვის.
ფესტივალი გრძელდება და 12 ნოემბერს ისტორიული კონცერტი გაიმართება, სადაც მოცარტის პიანოფორტეს ზუსტ ასლს წარადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორტეპიანოს მწარმოებელი — პოლ მაკნალტი.

„პოლ მაკნალტი, ინსტრუმენტების დამზადებით ბალტიმორის Peabody Conservatory-ში მუსიკის სწავლის შემდეგ დაინტერესდა. ბოსტონში ის სწავლობდა ფორტეპიანოს ტექნოლოგიას და მიიღო ტემპერირების ექსპერტის სერტიფიკატი. ამსტერდამში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, 1995 წელს გადავიდა ჩეხეთში, სადაც დღემდე მოღვაწეობს. მას აქვს შექმნილი 300-ზე მეტი ფორტეპიანო, ისტორიული ოსტატების – ზილბერმანის, შტაინის, ვალტერის, ჰოფმანის, გრაფისა და პლეიელის მოდელების მიხედვით. მის ინსტრუმენტებზე უკრავენ წამყვანი მუსიკოსები. მაკნალტის სახელოსნო ცნობილია ისტორიული ინსტრუმენტების ასლებით და ინოვაციური რეკონსტრუქციებით, მათ შორის არის თანამედროვე რეპლიკები შოპენის ბუხჰოლცის ფორტეპიანოსი (1825), პლეიელის (1830), ლისტის ბუასელოს (1846) და შტრაიხერის (1868). კვლევასა და რესტავრაციაზე დაფუძნებული მისი საქმიანობა აგრძელებს ვენური ფორტეპიანოს ტრადიციას და აერთიანებს ორიგინალი ინსტრუმენტის ისტორიული სიზუსტის დაცვასა და თანამედროვე შესრულების მოთხოვნებს.
ისტორიული წყაროებიდან დადასტურებულად ვიცით, რომ მოცარტი ბოლო ათი წლის განმავლობაში თავის საფორტეპიანო კონცერტებს ქმნიდა და ასრულებდა მხოლოდ ანტონ ვალტერის ინსტრუმენტზე.
ანტონ ვალტერი (1752–1826) თავის დროზე ყველაზე სახელგანთქმულ ფორტეპიანოს ოსტატად მიიჩნეოდა. მისი ინსტრუმენტები აღიარებული იყო გამორჩეული ოსტატობითა და ჟღერადობით. ვალტერის ფორტეპიანო 1782 წელს შეიძინა მოცარტმა, ხოლო ბეთჰოვენმა – 1802 წელს.

ჰაიდნსაც ჰქონდა მოცარტის მსგავსი ინსტრუმენტი. მოცარტის ვაჟის, კარლის, სიტყვებით:
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრთის ფორმის ფორტეპიანო, რომელიც მამაჩემს განსაკუთრებით მოსწონდა – იმდენად, რომ ის მუდამ მის სამუშაო ოთახში უნდა ჰქონოდა და მხოლოდ ამ ინსტრუმენტზე უკრავდა თავის კონცერტებს“.

კონცერტზე გამოყენებული ვალტერის ფორტეპიანო დამზადებულია პოლ მაკნალტის სახელოსნოში მისი ასისტენტის სერგეი კრამერის მიერ, რომელიც აგრძელებს სახელოსნოს ტრადიციის განვითარებასა და გამრავალფეროვნებას.
ეს ისტორიული ინსტრუმენტი „საქართველოს სინფონიეტამ“ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შეიძინა და ის უკვე თბილისშია.
12 ნოემბრის კონცერტზე, ამ უნიკალურ ინსტრუმენტზე შესრულდება კარლ ფილიპ ემანუელ ბახის, მოცარტის, ჰაიდნისა და ბეთჰოვენის მუსიკა, რომელსაც ანა ქურდოვანიძე და ვივიანა სოფრონიცკი „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად დაუკრავენ“, – აღნიშნულია „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ შემდეგი კონცერტები რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში: 12, 18, 24, 27, 30 ნოემბერსა და 2 დეკემბერს გაიმართება. 7 დეკემბერს კი, ფესტივალი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაიხურება.
კონცერტების დასაწყისი 19:30 საათი,
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.tkt.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები