„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი: რისკები არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია – კოვიდის მსუბუქი გამოვლინებაა
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პატიმარი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული, ამ ეტაპზე სტაბილურია.
თუმცა, ჩხაიძის განმარტებით, მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეული რისკები არსებობს.
“ექიმთა კონსილიუმი გუშინვე შეიკრიბა, სხვადასხვა სპეციალობის ექიმების შემადგენლობით. მისი დაავადებიდან გამომდინარე კონსილიუმში მონაწილეობდა ჰემატოლოგი, რეანიმატოლოგი, მკურნალი ექიმი და ინფექციონისტი. შესაბამისად, შეთანხმებული იქნა მკურნალობის გეგმა, როგორც სამკურნალო, ისე პრევენციული.
კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი რჩება პალატაში და უგრძელდება მკურნალობა, პალატა აღჭურვილია ყველა იმ აპარატურით, რაც არის ინტენსიურ პალატაში.
რა თქმა უნდა, მისი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი შეიცავს გარკვეულ რისკებს. ყველა მიმართულებით, ახლა პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, მოსალოდნელი რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე, მდგომარეობა არის სტაბილური და არის კოვიდის მსუბუქი ფორმით გამოვლინება”, – თქვა ზურაბ ჩხაიძემ.