ანრი ოხანაშვილი: მთელი ქვეყანა შეგვძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ
მთელი ქვეყანა შეგვძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს, – ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საგარეჯოში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.
„ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრ ვახტანგ გომელაურს პოლიციის უფროსი ლეიტენანტის, ოთარ ღვინაშვილის დაღუპვას, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპა. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“, – ნათქვამია ოხანაშვილის განცხადებაში.
ცნობისთვის, წუხელ გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.