“პუტინი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება, ამიტომ ჩვენც უნდა მოვემზადოთ გრძელი მოგზაურობისთვის” – ნატო
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანემ განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნები უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში დასჭირდება დახმარება, რადგან ვლადიმერ პუტინი ემზადება ხანგრძლივი ომისთვის.
ამის შესახებ მან ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომის დასაწყისში განაცხადა.
ჯოანმა გაიხსენა გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სიტყვები, რომ ახლა სახიფათოა რუსეთის დაუფასებლობა.
“პუტინი ემზადება ხანგრძლივი ომისთვის. მან უკვე მოახდინა 200 000-ზე მეტი ჯარისკაცის მობილიზება, მათი უმეტესობა წვრთნას გადის. ის ზრდის რუსეთის სამხედრო წარმოებას. და მეტ იარაღს იღებს სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან, მათ შორის ირანისგან”, – თქვა მან.
მისი თქმით, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ პუტინის მიზნები შეიცვალა.
”ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელი მოგზაურობისთვის. 2023 რთული წელი იქნება და ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება”, – ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.