გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიხეილ სააკაშვილსა და გიული ალასანიას მათი უნივერსიტეტის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებისგან თავის შეკავებას სთხოვს
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და გიული ალასანიას მათი უნივერსიტეტის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებისგან თავის შეკავებას სთხოვს.
როგორც უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, მათი საგანმანათლებლო დაწესებულების დამაკნინებლად მოხსენიება მათთვის შეურაცხმყოფელია.
“საქართველოს მესამე პრეზიდენტის და მისი დედის, ქალბატონ გიული ალასანიას მიერ ბოლო დროს მედიასაშუალებებში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც დამაკნინებლად იქნა მოხსენიებული გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული მიმართულება, საზოგადოებას ვაცნობებთ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა პოზიციას:
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს მინიჭებული აქვთ უპირობო აკრედიტაცია, რომლის განხორციელებაში ჩართულია დიდი და მდიდარი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური პერსონალი. ორივე საგანმანათლებლო პროგრამა გამოირჩევა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით, რომლებიც დასაქმებულნი არიან როგორც საჯარო დაწესებულებებში, ისე კერძო ორგანიზაციებში. ამასთანავე, პროგრამების განხორციელებისას გათვალისწინებულია მოწინავე ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილება.
აქედან გამომდინარე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ძალზე შეურაცხმყოფელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის და მისი დედის, ქალბატონ გიული ალასანიას მიერ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაკნინებლად მოხსენიება და მოვუწოდებთ განცხადებების ავტორებს თავი შეიკავონ უნივერსიტეტის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებისგან”,- ნათქვამია განცხადებაში.