ალუდა ღუდუშაური – მინდა ყველას მკაფიოდ ვუთხრა, ნებისმიერ პირს, ვინც სააკაშვილთან არის დაკავშირებული – წითელი ხაზები არ გადაკვეთონ

ერთი რამ მინდა ყველას მკაფიოდ ვუთხრა, მათ შორის, სააკაშვილის ინტერესების დამცველ ადვოკატებს და ნებისმიერ პირს, ვინც მასთან არის დაკავშირებული, წითელი ხაზები არ გადაკვეთონ – ცეცხლს ეთამაშებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც „ვივამედის“ დირექტორის განცხადებას გამოეხმარა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ექთანს პირადი მონაცემები გამოართვა და უთხრა, რომ „მოწმეების და დასაჭერების სიაში“ უნდა შეიყვანოს.

დეპუტატის აზრით, „ეს ყველაფერი საშიშ ფაზაში გადადის“.

„არ გადაკვეთონ წითელი ხაზები, რამეთუ ნებისმიერი ფორმით ძალადობა, მუქარა, შევიწროება… კარგად ხედავთ არ არის მათი მხრიდან პირველი ფაქტი, როცა ხდება ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლა. საზოგადოება ხედავს, რომ ხდება მოსამართლეზე, სასამართლო სისტემაზე, მათ შორის, ექიმებთან მიმართებაშიც ზეწოლა, რომ თუ არ იქნება მათთვის მისაღები გადაწყვეტილება, ქვეყნის ამოტრიალებით, დამხობით თუ აპოკალიფსით იმუქრებიან. ისეთ საშიშ ფაზაში გადადის ეს ყველაფერი, ვურჩევ, მეტი გონიერება, წინდახედულობა გამოიჩინონ ამ ბატონებმა თუ ქალბატონებმა, რამეთუ ცეცხლს ეთამაშებიან”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

პარლამენტარი ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი ანალიზი და განცხადებები რომ მას დემენცია აქვს, ურთიერთგამომრიცხავია.

„მინდა საზოგადოებას ვუთხრა და ასევე მათ, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარედან გვიკიჟინებს, რომ სააკაშვილისთვის ყოველი დღე თურმე მომაკვდინებელია და შეიძლება მომდევნო დღე აღარც დადგეს. გვიკიჟინებენ, რომ ისეთ მდგომარეობაშია, მაგალითად, დემენცია ისეთი ფორმით ჰქონია, რომ მათ ლოგიკას თუ მივყვებით, საქართველოს ამ ყოფილ მოქალაქეს, ყოფილ პრეზიდენტს, საერთოდ ჭკუა არ უნდა მოეკითხებოდეს, დღეს კი ვხედავთ, რომ სააკაშვილი გამოდის და რაღაც სიღრმისეულ ანალიზებს აკეთებს, ესეც ურთიერთგამომრიცხავია. ხვალ არის როგორც ცნობილია მისი სასამართლო მორიგი სხდომა და ხვალ ეს ადამიანები იგივე წარმატებით დაიკავებენ პლაკატებს და იტყვიან, რომ დღეს სააკაშვილისთვის ბოლო დღეა, თურმე დემენცია და უამრავი სხვა დაავადება ჰქონია, ამ ლოგიკას თუ მივყვებით არ შეიძლება სიღრმისეული რაიმე ანალიზის უნარი ჰქონდეს, მეტიც, მეტყველება უნდა უჭირდეს და ა.შ.
თქვენ ხედავდით, როცა სასამართლო სხდომები იმართება, მისი ეს წარმომადგენლები როგორ კარგავენ სახეს, ყველანაირ მორალურ თუ არა მორალურ ხაზებს კვეთენ და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, რომ თურმე რაღაც აპოკალიფსური მდგომარეობაა და როცა სააკაშვილი მეორე წუთს ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს ყოფილა მისი მხრიდან ღრმა ანალიზის მქონე განცხადება“, – თქვა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები