ამერიკელი ნევროლოგი – სააკაშვილზე: ის სერიოზულად არის ავად – ვთვლი, რომ მისი სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორებია სასჯელის მოხდისთვის

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ის სერიოზულად არის ავად. მას აწუხებს სხვადასხვა დისფუნქცია, მათ შორის, თავის ტვინის, ზურგის ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემის”,- ამის შესახებ ამერიკელმა ნევროლოგმა შახინ ემანუელ ლაჰანიმ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოწმის სტატუსით გამოკითხვისას განაცხადა, რომელიც პროცესს დისტანციურად ერთვება.

ნევროლოგის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სერიოზული დაავადებები სასჯელის მოხდისთვის ხელისშემშლელი ფაქტორებია.

“ყველაზე მძიმე დიაგნოზია დაუზუსტებელი დემენცია, კრუნჩხვები, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც ართულებს მისთვის სიარულის ფუნქციის განხორციელებას. ასევე, ხერხემლის სვეტის კისრის მიდამოში, მალთაშუა დისკების მხრიდან ზურგის ტვინზე ზეწოლა, ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა. მასთან დაკავშირებით ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას, მას აღენიშნება ტრანზიტული გარდამავალი დაკარგვა გონების და კრუნჩხვები. მას აქვს ტემპერატურისა და წნევის სწრაფი ცვლილება და კუნთების მნიშვნელოვანი განლევა. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა კრუნჩხვებს და კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლია მიგვიყვანოს უცაბედ სიკვდილამდე თუ არ არის ნამკურნალები სწორად. ეს არის სია მისი სერიოზული დაავადებების. როგორც ნევროპათოლოგი, ვთვლი, რომ მისი სერიოზული დაავადებები არის ხელისშემშლელი ფაქტორები სასჯელის მოხდისთვის.

ციხეში მოთავსებამდე ნევროლოგიური მდგომარეობის მხრივ იყო ჯანმრთელად და ინტელექტუალური ფუნქციები ჰქონდა თავისუფლად, შეეძლო ადამიანებთან სრულყოფილად ურთიერთობა. დაპატიმრების შემდეგ სახეზე იყო ამ შესაძლებლობების მკვეთრი დაქვეითება და ეს მეც გამოვავლინე გასინჯვის დროს.

ჩემი გამოცდილებიდან ბევრჯერ მინახავს, რომ კრუნჩხვითი შეტევები, თუ მათი მკურნალობა სწორად არ ხდება, შეიძლება განვითარდეს უცაბედ სიკვდილში და გამომდინარე ჩემი გასინჯვის შედეგებიდან, ეს საშიშროება არის, რამდენადაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება.

რაც შეეხება დემენციას, შემიძლია გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება. ეს არის სწრაფად დამძიმებადი დემენციის მიმდინარეობა. დემენცია იწვევს ადამიანის ყოველდღიური აქტივობების დარღვევას, როგორიც არის საკუთარი თავის მოვლა, შხაპის მიღება და ა.შ. რამდენადაც მე დავადგინე და ვნახე ბოლო 8 თვის განმავლობაში, დემენციასთან დაკავშირებით არის მდგომარეობის ძალიან მკვეთრი და სწრაფი დამძიმება და გამომდინარე იქიდან, რომ ის არ გადის სწორ მკურნალობას, მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ის ამ პირობებში გამოჯანმრთელდეს“, – განაცხადა ამერიკელმა ნევროლოგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები