შსს-ში სოციალური კამპანიის – „შეიკარი ღვედი“ პრეზენტაცია გაიმართა

    შინაგან საქმეთა სამინისტროში სოციალური კამპანიის – „შეიკარი ღვედი“ და კამპანიის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ექსპერტები შალვა ოგბაიძე, დავით მესხიშვილი და ვიდეორგოლში მონაწილე ცნობილი სახეები: გივი ბერიკაშვილი, რობი კუხიანიძე, სამორი ბალდე და ანი ტყებუჩავა ესწრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 10 თებერვლიდან იწყებს სოციალურ კამპანიას – „შეიკარი ღვედი“. კამპანიის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი ორი კვირის განმავლობაში სატელევიზიო და რადიო ეთერებში, ასევე, კინოთეატრებში „რუსთაველი“ და „ამირანი“ განთავსდება. კლიპში მონაწილე ცნობილი სახეები მძღოლებს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვისა და დამცავი ღვედის გამოყენებისკენ მოუწოდებენ. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გამართულ პრეზენტაციაზე საზოგადოებას გააცნო სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სიკვდილიანობის შემცირებას ასახავს, რაც დამცავი ღვედის გამოყენების შედეგია. შს სამინისტროს ცნობით, კამპანიის ფარგლებში, სოციალურ ქსელში ჩატარდება კონკურსი და გამოვლინდებიან გამარჯვებულები – საუკეთესო დიზაინის, ფოტოსა და სლოგანის ავტორები. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 24 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ თავიანთი ნამუშევრები სოციალური კამპანიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე – „შეიკარი ღვედი“. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილური ტელეფონებით – „აიფონ 5“-ით დაასაჩუქრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები