“ინტენსიურად განიხილება გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე. მოგეხსენებათ, ამ საქმესთან ერთად, ბრალდებულებს სხვა ეპიზოდებზეც აქვთ ბრალი წარდგენილი – ეს არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა”, – ამის შესახებ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის პროკურორი, ქეთევან სონიძე აცხადებს.
“მოგეხსენებათ, საკმაოდ ბევრი დასაკითხი პირია ამ ეპიზოდში წარდგენილი სასამართლოს წინაშე – ისინი არიან ბრალდებულების მეგობრები. მათი ნაწილი უშუალოდ იღებდა ამ ძალადობრივ დანაშაულში მონაწილეობას, ისინი ყველა მხრივ ცდილობენ ბრალდებულებისთვის ხელის შეწყობას და, გარკვეულწილად, ცდილობენ მტკიცებულებებისა და ინფორმაციის შეცვლას, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ მოუწიათ და დაადასტურეს ძალადობრივ ვიდეოებში ამ პირთა მონაწილეობა, რაც ამ პირთა ჩვენებების გარდა, ცალსახად დადასტურებულია ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზებით”, – განმარტავს პროკურორი.