„ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება“ – საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულ მხატვარ-კარიკატურისტთა დაჯილდოება გაიმართა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციის ’’Art&Society“ ორგანიზებით, ნიკო ფიროსმანის 160 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა, კატალოგის პრეზენტაცია და საერთაშორისო კონკურსის – „ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება“ – გამარჯვებულ მხატვარ-კარიკატურისტთა დაჯილდოება გაიმართა. პროექტის ვერცხლის სპონსორია „რეს-11“.
ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
„პროექტის მიზანია დიდი მხატვრის წარმოჩენა და მისი შემოქმედების თანამედროვე ჭრილში გააზრება.
პროექტის საწყის ეტაპზე გამოცხადდა კონკურსი. მის მონაწილე მხატვრებს ათდღიანი სამუშაო ვადა ჰქონდათ, რომლის ფარგლებშიც უნდა შეექმნათ ნიკო ფიროსმანის ან მისი პერსონაჟების კარიკატურა. შესრულებულ ნამუშევართან ერთად, უნდა წარმოედგინათ ერთწუთიანი ვიდეო, სადაც ისაუბრებდნენ, თუ რა შთაგონება მისცა მათ ფიროსმანის ნამუშევრებმა და, ზოგადად, რას ნიშნავს ფიროსმანის არსებობა სამყაროსთვის.
საერთაშორისო კონკურსში 32 ქვეყნის 132 ნამუშევარი მონაწილეობდა. გამარჯვებულ ხელოვანებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები – 1000, 700 და 500 ევროს ეკვივალენტი ლარში.
პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ალბომი, რომელშიც 91 მხატვრის ნამუშევრებია წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლებული სივრცე კი 10 დეკემბერს „ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება” – კარიკატურის საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალით გაიხსნა.
27 აპრილს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა“. მისი მიზანი გახლდათ: საქართველოში სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრის – კარიკატურის – ტრადიციების აღორძინება, კარიკატურის ჟანრში მომუშავე ხელოვანთა წარმოჩენა – მათი ნამუშევრების გამოფენა. კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 50 000 ლარს შეადგენდა. კულტურის სამინისტრომ სამივე განმცხადებლის („ვქმნით შარჟს“, განმახორციელებელი – ბესიკ დუღაშვილი; „ქართული კარიკატურის ბიენალე“, განმახორციელებელი – დავით თოთიბაძე; „შალვა ქიქოძის სახელობის კარიკატურის ფესტივალი“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ ’’ART & SOCIETY“) პროექტი დააფინანსა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები