ქართული ანბანისა და საანბანო სახელმძღვანელოების განვითარების ისტორია – ექსპოზიცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

ეროვნული ბიბლიოთეკა იმ გამოცემების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, რომლითაც ქართული ანბანი ისწავლებოდა „დედა ენამდე“. ქართული ანბანისა და საანბანო სახელმძღვანელოების განვითარების ისტორიას ასახავს სწორედ ბიბლიოთეკაში გამართული დროებითი გამოფენა.
„ალბათ, ცოტამ თუ იცის იმ სახელმძღვანელოების შესახებ, რომლითაც სწავლობდნენ ქართულ ანბანს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენამდე“, ასევე იმ სასწავლო ლიტერატურაზე, რომელიც „დედა ენის“ შემდეგ შეიქმნა და დაიბეჭდა. ეს წიგნები ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდშია დაცული, ამჟამად კი ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმშია გამოფენილი.
წიგნის მუზეუმის დამთვალიერებელი, მუდმივი ექსპოზიციის პარალელურად, ამ საინტერესო დროებით გამოფენასაც იხილავს, რომელიც ქართული ანბანისა და საანბანო სახელმძღვანელოების განვითარების ისტორიას ასახავს.აქ ნახავთ ისეთ გამოცემებს, როგორიცაა: „ქართული ანბანი – შედგენილი და ხეზე ამოჭრილი გრიგოლ ტატიშვილის მიერ“, „ქართული ანბანი და წიგნი საკითხავად მდაბიო ხალხთათვის – შედგენილი დიმიტრი ფურცელაძისაგან“, პეტრე უმიკაშვილის მიერ შედგენილი მინიატიურული სახელმძღვანელო, თავად იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, „პაწაწა ბოტანიკა“ და სხვები.
ექსპოზიცია ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლებოდა წერა-კითხვის სწავლების მეთოდები, რა ტიპის სახელმძღვანელოები იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდში, როგორ ყალიბდებოდა და იცვლებოდა მათი სტრუქტურა, შინაარსი და გაფორმება; რა გავლენა მოახდინა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენამ“ ქართული საანბანო ლიტერატურის განვითარებაზე.XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართულ საგამომცემლო სივრცეში მნიშვნელოვნად გაიზარდა საანბანო და პირველ საკითხავ წიგნთა რაოდენობა. პლატონ იოსელიანის მრავალჯერ გამოცემულ ანბანთან ერთად გამოჩნდა იოსებ კერესელიძის, სერგი მდივანოვის, დიმიტრი ფურცელაძის, პეტრე უმიკაშვილისა და სხვა ავტორთა სახელმძღვანელოები. 1865 წლიდან კი სასწავლო წიგნების გამოცემა დაიწყო იაკობ გოგებაშვილმა, რომლის „დედა ენა“ შემდგომში ქართული დაწყებითი განათლების კლასიკურ სახელმძღვანელოდ იქცა.
იმდროინდელი ქართული ინტელიგენციისა და პედაგოგიური წრეების მნიშვნელოვანი ნაწილი კრიტიკულად აფასებდა არაერთ პოპულარულ ანბანსა და თვითმასწავლებელს. მათი შეფასებით, ეს გამოცემები ვერ აკმაყოფილებდა სასწავლო-მეთოდურ მოთხოვნებს და მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს. თუმცა გამოცემების სიმრავლე მოწმობს, რომ მათ მაინც მრავლად ჰყავდა მკითხველი.
შესაბამისად, ეს წიგნები არა მხოლოდ საგამომცემლო პროდუქციას, არამედ მნიშვნელოვან სოციალურ და კულტურულ მოვლენასაც წარმოადგენდა. დღეს ეს გამოცემები ფასდაუდებელ ისტორიულ წყაროებად მიიჩნევა. ისინი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, თუ როგორ ვითარდებოდა წერა-კითხვის სწავლების პრაქტიკა და როგორ ყალიბდებოდა საზოგადოების საგანმანათლებლო მოთხოვნები ათეული წლების განმავლობაში“, – წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები