კულტურის მინისტრი მხატვარ რუსუდან ტოზაშვილს ეწვია

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისში რუსუდან ტოზაშვილს ეწვია და მხატვრის უნიკალური ნამუშევრები დაათვალიერა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი, დიდუბის რაიონის გამგებელი ლადო ძნელაძე და მისი მოადგილე ლალი ჭელიძე ესწრებოდნენ.
„რუსუდან ტოზაშვილი გამოირჩევა თავისი მსოფლმხედველობითა და ფერწერით. მხატვრის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს არაერთ მუზეუმში, მათ შორის – დრეზდენის გალერეასა და პიკასოს მუზეუმში. რუსუდან ტოზაშვილი ერთადერთი ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრები დრეზდენის გალერეაშია გამოფენილი. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებშიც, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
მთელი ცხოვრება მხატვარმა ხელოვნების, სამშობლოსა და ხალხის სიყვარულს მიუძღვნა. ეს ნათლად აისახა არა მარტო მის ფერწერულ თუ გრაფიკულ ნამუშევრებში, არამედ – მის ლექსებშიც.
რუსუდან ტოზაშვილი დაიბადა 1942 წლის 5 იანვარს თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში. როგორც თავად ამბობს, სწორედ აქედან გაჩნდა მის ნახატებში კახური და თუშური თემები. აღსანიშნავია მხატვრის განსაკუთრებული დამოკიდებულება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისადმი, რაც მის ნამუშევრებშიც ნათლად ჩანს.
რუსუდან ტოზაშვილი 12 წლიდან თბილისში იზრდებოდა. დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. 1969 წელს ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში, თუმცა უსახსრობის გამო იძულებული გახდა, სწავლა მალევე შეეწყვიტა. მიუხედავად ამისა, უდიდესი ნიჭისა და დაუღალავი შრომის წყალობით, შექმნა განუმეორებელი სამყარო, რომელშიც საოცრად არის შერწყმული ფანტაზია და რეალობა, ბავშვობის მოგონებები და მომავალზე ოცნება.
1966 წლიდან რუსუდან ტოზაშვილი საქართველოს კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმედების სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის ფერწერისა და გრაფიკის სექციის წევრი იყო, ხელმძღვანელობდა კინემატოგრაფისტთა კავშირის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა კლუბის მხატვართა სექციას. 22 წლის განმავლობაში იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტგაერთიანების მხატვარი. მოგვიანებით მუშაობა დაიწყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, შემდეგ კი – ლიცეუმში.
მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 1970 წელს „ცისფერ გალერეაში“ მოეწყო ლადო გუდიაშვილის თაოსნობით.
1982 წელს რუსუდან ტოზაშვილს სახალხო ოსტატის წოდება მიენიჭა. არის საკავშირო და რესპუბლიკური ოლიმპიადების ლაურეატი. 1986 წლიდან არის მხატვართა კავშირის წევრი, მრავალი პერსონალური, საკავშირო და რესპუბლიკური გამოფენის ავტორი. 2003 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 2007 წელს კი იგი წლის ადამიანად აღიარეს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები