პარლამენტის მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშები მოისმინა
პარლამენტის ინფორმაციით, მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელის, პაატა კვიჟინაძის თქმით, აუდიტის ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, იხილავს ყველა ანგარიშს, რადგან მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაწერილი აქტივობები წლის ბოლომდე შესრულდეს და აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე, სახელმწიფო უწყებებიდან შესაბამისი ინფორმაციები მოისმინოს. აუდიტის ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე მოისმინეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების (შემდგომი რეაგირება) ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში და ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში.
ასევე განიხილეს საკითხის შესწავლის შედეგად გამოვლენილი მიგნებები და შესაბამისი უწყებებისთვის მომზადებული რეკომენდაციები. თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა სოფიო დვალიშვილმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშზე, ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, აუდიტის ობიექტია შინაგან საქმეთა სამინისტრო და მასში შემავალი ქვედანაყოფები, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და მისი სტრუქტურული ერთეულები, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი და სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112.
აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა შშს-ს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის მიერ 2018-2020 წლებში გაწეული საქმიანობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები ეხება სამართალდარღვევების გამოვლენის პროცესის ნაკლოვანებებს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის სანქციების დაკისრების ნაკლოვანებებს, ჯარიმების ამოღების ღონისძიებების და კანონმდებლობაში არსებულ ნაკლოვანებებს და შეუსაბამობებს. განხორციელებული აუდიტის საფუძველზე გაცემულია 14 რეკომენდაცია, რომელთა ირგვლივაც გაიმართა დისკუსია.
გამოვლენის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე განმარტებები გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ და კანონმდებლებს ცალკეული მიმართულებებით განხორციელებულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე სამინისტროს პოზიციები გააცნო. საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში წარადგინა. აუდიტის პერიოდი აქაც 2018-2020 წლებს მოიცავს.
აუდიტის ობიექტებს წარმოადენდა აკრედიტაციის ცენტრი, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, გამოვლენილი მიგნებები ეხება რეფორმით მიღწეული შედეგების შეფასების ნაკლოვანებებს, ინსპექტირების ცენტრებში პერსონალის კვალიფიკაციის ნაკლოვანებებს, ინსპექტირების ცენტრების აღჭურვილობის, ვიდეომეთვალყურეობისა და ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირების ხარვეზებს. ამ მიმართულებებით ათი რეკომენდაცია გაიცა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მათგან ნაწილი უკვე შესრულებულია.
სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილე დავით გოგიჩაიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, სხვადასხვა უწყებათა ხელმძღვანელები. რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, განხორციელდება როგორც საპარლამენტო კონტროლი, ასევე ზედამხედველობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან.