ოთარ შამუგია გურიაში თხილის გადამმუშავებელი საწარმოს საქმიანობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, გურიის  მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად, ოზურგეთში მოქმედი კომპანიის „გლობალ ექსპორტი“ თხილის გადამმუშავებელი  საწარმო დაათვალიერა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე ტექნოლოგიის მქონე საწარმოში, მინისტრთან ერთად, პარლამენტის აგრარულ საითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე იმყოფებოდნენ.

ოთარ შამუგიას განცხადებით, ერთ-ერთი აგროკულტურა, რომლის მასშტაბური წარმოების და ექსპორტის პოტენციალიც საქართველოს აქვს, არის თხილი. 2021 წელს, თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა; ექსპორტის უდიდესი წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.

სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს ხარისხიანი ქართული თხილის წარმოების მხარდაჭერას არაერთი ღონისძიებით, მათ შორისაა თხილის წარმოების ხელშემწყობი ახალი პროგრამა, რომლის განხორციელების მიზანია, ქართული თხილი იყოს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი, რომ ჩვენმა ფერმერებმა მიიღონ ღირსეული შემოსავალი”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა თამარ არჩვაძემ აღნიშნა, ახალი პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან ფერმერების მიერ ხარისხიანი თხილის წარმოება გაზრდის როგორც ფერმერების შემოსავალს, ასევე კომპანიის წარმადობას და კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის ქართულ თხილს საერთაშორისო ბაზრებზე.

თხილის გადამმუშავებელი საწარმო, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1,5 მლნ ლარია,  2014 წელს ამოქმედდა. კომპანია სარგებლობს  1,4 მლნ ევროს საკრედიტო ხაზით რომლის გაცემაც InnovFin SME Guarantee Facility-ის მხარდაჭერით განხორციელდა.  აღნიშნული ფინანსურად უზრუნველყოფილია ევროკავშირის მიერ, Horizon 2020 Financial Instruments-ს ფარგლებში.

კომპანიამ 2021 წელს საქმიანობა გააფართოვა და თანამედროვე დანადგარების შესაძენად ისარგებლა 1,5 მლნ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტით. ახალი მიმართულების ამუშავების შედეგად, მოხალული, ბლანშირებული, დაქუცმაცებული თხილის და თხილის ფქვილის დამზადება გახდა შესაძლებელი. შედეგად, გაიზარდა როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე ექსპორტის მოცულობა.

შპს „ გლობალ ექსპორტი“   საექსპორტოდ ამზადებს როგორც თხილის გულს,  ასევე თხილის ფქვილსა და პასტას.  პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება იტალისა და ჩეხეთში. მიმდინარე წელს, უკვე  განხორციელდა  2,000 ტონამდე მზა პროდუქციის ექსპორტი. საწარმოში დასაქმებულია  100 -ზე მეტი ადგილობრივი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები