მიხეილ ჩხენკელი: სამინისტრო აქტიურად მუშაობს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან მისი კიდევ უფრო დაახლოების მიმართულებით
მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში 2022 წელს გატარებული ღონისძიებები შეაჯამა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რეფორმის პროცესი ფოკუსირებულია შესაძლებლობების კიდევ უფრო ზრდაზე. კერძოდ, მოქალაქეებისთვის მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზებაზე შემდგომი დასაქმების, სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების, პროფესიული თუ პიროვნული განვითარების მიზნით. მისი თქმით, მიმდინარეობს საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის გაფართოება, მათ შორის, პროფესიული პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა უნივერსიტეტებსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რასაც სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, ხელს უწყობს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები.
„ჩვენი გუნდის მიზანია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და მასზე წვდომა ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საქართველოს ყველა რეგიონში. სამინისტრო, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ინტენსიურად მუშაობას პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან მისი კიდევ უფრო დაახლოების მიმართულებით,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამოქმედდა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ჩარჩო. კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, შეიქმნა ახალი პროფესიული სტანდარტები და საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო შრომის ბაზრის მოთხოვნებზე სწრაფად რეაგირებისათვის, ფორმალური განათლების ფარგლებში დაინერგა მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები. ამასთან, პროფესიულ განათლებაში განხორციელდა ზოგადი განათლების კომპონენტის წარმატებული ინტეგრირება, რამაც ქვეყანაში გააჩინა საბაზო განათლების შემდეგ სრული ზოგადი განათლების მიღების სრულფასოვანი, ალტერნატიული გზა. მნიშვნელოვანია, რომ დაინერგა საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელები. შედეგად, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა პროფესიული განათლების სფერო და განხორციელდა დუალური სწავლების პრინციპების პილოტირება.
მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა ბოლო წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც კასპში, მარნეულში, ჩოხატაურში, ქედასა და შუახევში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებები გაიხსნა. 2022 წელს დასრულდა ახალი ლოკაციების განვითარება ხაშურის, წყალტუბოსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. ამასთან, გრძელდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება თბილისში, ბორჯომში, ბათუმში, ახალქალაქში, ბოლნისსა და გურჯაანში.
მინისტრის თქმით, ახალი კოლეჯების მშენებლობასთან ერთად, შენდება ახალი პრაქტიკული სწავლების სახელოსნოები. 2022 წელს სახელოსნოების მშენებლობა და აღჭურვა დასრულდა გურჯაანის, ახმეტის, წალენჯიხის, ამბროლაურის, ფოთის, მცხეთის მუნიციპალიტეტებსა და თბილისში არსებულ კოლეჯებში. სახელოსნოების სამშენებლო სამუშაოები გრძელდება, ასევე, ქობულეთის, კაჭრეთის, ფოცხო-ეწერის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. გარდა ამისა, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს მესტიისა და თელავის კოლეჯების სახელოსნოების მშენებლობის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ კოლეჯების ქსელის გაფართოების პარალელურად, ახალი პროგრამების დამატების მიზნით, იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისად მიმდინარეობს ყველა არსებული საგანმანათლებლო დაწესებულების აღჭურვისა და ინსტიტუციური განვითარების პროცესი.
აღსანიშნავია, რომ პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა გაიზარდა, რასაც განაპირობებს ის ახალი შესაძლებლობა, რომელიც საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლებითაც უზრუნველყოფს. ინტეგრირებული საშუალო პროფესიული პროგრამების დანერგვა 2020 წელს დაიწყო მცირე მასშტაბითა და კარგად გათვლილი სტრატეგიით. წელს აღნიშნულ პროგრამებზე შეთავაზებული იყო 1000-ზე მეტი ადგილი და მომავალში დაგეგმილია ამ პროგრამების მასშტაბის მკვეთრი ზრდა.
მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივაზე, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობას, რისი უმოკლესი გზა მათი პროფესიული უნარებით აღჭურვა გახლავთ. მინისტრის თქმით, სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამებს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეებისათვის. საჯარო-კერძო პარტნიორობის საფუძველზე შემუშავებული პროგრამების დასრულების შემდეგ, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, სტუდენტები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს იღებენ. მინისტრის თქმით, სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რათა ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მომზადება/გადამზადების პროგრამებით.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით მოქმედებს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება და პროფესიული გადამზადება. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ ავტორიზებულ პროგრამებს ეფუძნება, რაც მათი ხარისხიანად განხორციელების წინაპირობას ქმნის.
მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით მიმდინარეობს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი მექანიზმების დანერგვა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია EQAVET (პროფესიული განათლების ევროპული ხარისხის ქსელი) ინდიკატორებთან. 2026 წლისთვის ყველა სასწავლებელი იფუნქციონირებს ახალ სტანდარტთან სრულ შესაბამისობაში, რაც გაამყარებს საერთაშორისო კავშირებს და ხელს შეუწყობს ეროვნული კვალიფიკაციების საერთაშორისო დონეზე აღიარებას. აღსანიშნავია, ისიც რომ მიმდინარე წლის დეკემბერში პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო ფორუმი საქართველოში გაიმართება.
რაც შეეხება არაფორმალური განათლების აღიარებას, პროფესიული განათლების სისტემაში სრულად ამოქმედდა წინმსწრები არაფორმალური განათლების აღიარების სისტემა. დღეისათვის 8 საგანმანათლებლო დაწესებულებას 11 სხვადასხვა სფეროში აქვს შესაძლებლობა პირებს პროგრამის გავლის გარეშე, დარგობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში დაუდასტუროს შრომის ბაზრისათვის საჭირო უნარების ფლობა და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციაზე. 2022 წლიდან პროფესიული განათლების საფეხურზე ამოქმედდა Erasmus+ პროგრამა – დაფინანსდა 2 პროექტი. აღნიშნული პროექტის მასშტაბები ეტაპობრივად გაიზრდება. ასევე, გრძელდება მუშაობა ექსელენს-ცენტრებისა (CoE) და საერთაშორისო სასწავლებლების განვითარების მიმართულებით, რაც უცხოელი სტუდენტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
მიხეილ ჩხენკელი: „კოლეჯებში ამოქმედდება უცხოური ენის ცენტრები. გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სასწავლო პროცესში 2022 წლიდან ჩართულნი არიან უცხოელი მასწავლებლები, რაც სასწავლო პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა.“
ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, აღსანიშნავია რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად ითანამშრომლებს ლოზანას EHL-ის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნეს სკოლასთან ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით. როგორც მინისტრმა განაცხადა, ბიზნეს სკოლა დღეისათვის აღიარებულია მსოფლიოში საუკეთესო უმაღლეს სკოლად სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, შესაბამისად, მისი გამოცდილების გაზიარება ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება.
„მიმდინარე წლის ნოემბერში, შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში, პირადად გავმართე შეხვედრა EHL-ის ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, ბატონ მიშელ როშასთან და EHL-ის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნეს სკოლის მმართველ დირექტორთან, ბატონ ანდრე მაკთან. შედეგად, EHL-ის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნეს სკოლასთან თანამშრომლობის ფორმატთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. მსურს, მოგახსენოთ ისიც, რომ შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში, მაღალი რანგის შეხვედრები გავმართე შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ ურთიერთობათა, განათლებისა და კვლევის ფედერალურ მრჩეველთან (მინისტრთან) გი პარმელინთან და შვეიცარიის კონფედერაციის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან (მინისტრთან) მარტინა ჰირაიამასთან, რომლებთანაც პროფესიული განათლების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განვიხილე. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ შვეიცარიულმა მხარემ პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების საქმეში,“ – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, გურჯაანში მიმდინარეობს კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის სამშენებლო სამუშაოები. აკადემია როგორც ქართველ, ასევე, უცხოელ სტუდენტებს 2024 წლიდან შესთავაზებს მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას. პროექტის ფარგლებში აშენდება სტუდენტური კამპუსი, სპორტული დარბაზი და მოეწყობა რეკრეაციული სივრცეც.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) პარტნიორობის ფარგლებში გრძელდება აქტიური მუშაობა საერთაშორისო დონის ორი ახალი ცენტრის – თელავის ღვინის სკოლისა და დუშეთის ტურიზმის სკოლის განვითარების მიმართულებით. ასევე, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს თბილისში ტრანსპორტის/ლოგისტიკისა და სამშენებლო მიმართულების ე.წ. ექსელენს ცენტრის განვითარების პროცესი.
კოლეჯების ხელშეწყობის კუთხით მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ მაქსიმალურად მხარდაჭერილია კოლეჯების ინსტიტუციური განვითარება და მომზადებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი მოდელი.
„იმისათვის, რომ კოლეჯებმა სწრაფად და ეფექტიანად უპასუხონ რეფორმასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, სამინისტროს მხრიდან მაქსიმალურად მხარდაჭერილია კოლეჯების ინსტიტუციური განვითარება. მომზადებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი მოდელი, რომლის სისტემური დანერგვა დაიწყება 2023 წლიდან. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს პროფესიული განათლების მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურება 20%-ით, ხოლო ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი 10%-ით გაიზრდება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელი.
მინისტრის თქმით, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მარეგულირებელი ჩარჩო, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, როგორც სამინისტროსთვის და საგანმანათლებლო სფეროსთვის, ასევე პარტნიორი კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება არის პროფესიული განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის, ხარისხისა და ეფექტიანობის გარანტია. სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ჩართვის შედეგად საწარმოები კოლეჯებთან პარტნიორობით მოამზადებენ მაღალკვალიფიციურ კადრებს. ამასთან, სტუდენტები რეალურ სამუშაო გარემოში შეძლებენ, რომ განავითარონ პროფესიული და ტრანსფერული უნარები და სწავლის პროცესშივე დასაქმდნენ.
მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით გამოყო თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს შექმნის საკითხი. მისი განცხადებით, 2022-2030 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება მრავალფეროვანი, ინკლუზიური და ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, რაც, თავის მხრივ, გაზრდის სისტემის ინკლუზიურობას. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს დაფინანსების დივერსიფიცირებული მოდელის დანერგვას, რაც პროფესიული განათლების მასშტაბის ზრდის პირობებში ფინანსური და ადამიანური რესურსების განვითარებასა და ბიუჯეტის უფრო ეფექტიან მართვას შეუწყობს ხელს.
გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უკვე მომზადებულია პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს დაწესებულებების შედეგებზე დაფუძნებულ დაფინანსების მოდელს.
საჯარო-კერძო პარტნიორობის თვალსაზრისით მინისტრმა ხაზი გაუსვა პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობას, რომელთა აქტიური ჩართულობით შეიქმნა: კვალიფიკაციების განვითარების ახალი მოდელი, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების მარეგულირებელი წესი, დარგობრივი უნარების ორგანიზაციებისა და სასწავლო საწარმოების მხარდამჭერი მექანიზმები და განათლების სფეროში კარიერული კონსულტირებისა და მართვის სტრატეგია.
ამასთან, დაინერგა სტუდენტური სერვისების მხარდამჭერი პროგრამა და შეიქმნა სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, რაც სრულიად უნიკალურ შესაძლებლობებს აჩენს საქართველოს საგანმანათლებლო სფეროში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით. გარდა ამისა, სააგენტოს კოორდინაციით გრძელდება პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა, რომელიც კოლეჯებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობით გულისხმობს 8-12 კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო და სასერტიფიკატო კურსების შეთავაზებას.