სოსო არჩვაძე: არამდგრადი საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარებისა და მომატებული რისკების პირობებში, საქართველო, ეკონომიკის ზრდისა და ხელისუფლების გაწონასწორებული პოლიტიკის საფუძველზე, ახერხებდა საგარეო სავაჭრო ექსპანსიის გაძლიერებას

არამდგრადი საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარებისა და მომატებული რისკების პირობებში საქართველო, ეკონომიკის ზრდისა და ხელისუფლების გაწონასწორებული პოლიტიკის საფუძველზე, ახერხებდა საგარეო სავაჭრო ექსპანსიის გაძლიერებას, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

“2022 წლის ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა 9.2 პროცენტით და 448.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. იანვარ-ოქტომბერში მთლიანმა ექსპორტმა 4546.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (+34.0%) და უკვე მნიშვნელოვნად – 303.3 მლნ. აშშ დოლარით (7.1%-ით) გადააჭარბა გასული, 2021 წლის მთელი წლის მოცულობას. მიმდინარე წლის პირველი ათი თვის მანძილზე საქართველოდან ყოველი ერთი მილიარდი აშშ დოლარის ექსპორტი ხორციელდებოდა 67 დღეში, მაშინ როდესაც გასულ, 2021 წელს ამას სჭირდებოდა 86 დღე, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წელს – 96 დღე.
ექსპორტის ზრდა ხასიათდებოდა საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიისა და სასაქონლო პროდუქციის ნომენკლატურის საგრძნობი გაფართოებით.
იმპორტი 2022 წლის ოქტომბერში გაიზარდა 19.9 პროცენტით და 1122.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანად, იანვარ-ოქტომბერში იმპორტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 33.2 პროცენტით და 10680.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.

იმპორტის ზრდის განმაპირობებელ ფაქტორთაგან აღსანიშნავია:

ა) ეროვნული ვალუტის გამყარება უცხოურ ვალუტასთან (ლარი აშშ დოლართან 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, გამყარდა 11.3 პროცენტით), რამაც საშუალება მისცა იმპორტიორებს ერთეული პროდუქციის იმპორტში მიეღწიათ სავალუტო რესურსების საგრძნობი ეკონომიისთვის – სავალუტო კურსის უცვლელობის შემთხვევაში არსებულ ხარჯებთან შედარებით;

ბ) ენერგომატარებლების გაძვირება მსოფლიო ბაზარზე (წლის განვლილ პერიოდში დაახლოებით 2/3-ით). – ამან გამოიწვია გაძვირებულ ნავთობპროდუქტებსა და ბუნებრივ აირში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 0.5 მლრდ. აშშ დოლარით მეტის გადახდა, საიდანაც მხოლოდ 1/5-ამდე უკავშირდება ეკონომიკის მზარდ საჭიროებას, დანარჩენი კი უშუალოდ ფასების გაძვირებით იყო გამოწვეული;

გ) მოსახლეობის გადახდისუნარიანი მოთხოვნით, პირველ რიგში სასურსათო საქონელზე მოთხოვნილების უფრო სრულად დაკმაყოფილებისათვის. – აგროსასურსათო საქონლის ყოველდღიური იმპორტი საქართველოში თითქმის 1.3 მლნ. აშშ დოლარით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2022 წლის ოქტომბერში შეადგინა 40.0 პროცენტი (მთლიანად იანვარ-ოქტომბერში – 42.6%).

საქართველოს ეკონომიკის მაღალი ტემპებით ზრდა, აგრეთვე აგრარული სექტორში არცთუ ურიგო მოსავლის სამრეწველო გადამუშავების მზარდი პოტენციალი, ქმნის წლის დარჩენილ პერიოდში ექსპორტის საგრძნობი მატების პოზიტიურ მოლოდინს”, – წერს არჩვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები