გიორგი პერტაიამ ჰონგ-კონგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, ჰონგ-კონგში გამართულ აზიის ლოგისტიკური, საზღვაო და საავიაციო რიგით მე-14 კონფერენციაში „მიწოდების ჯაჭვი: მედეგობა და მდგრადობა“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჰონგ-კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პალატის პრეზიდენტმა სამუშაო შეხვედრები გამართა ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, სავაჭრო განვითარების საბჭოსა და საავიაციო სატვირთო ტერმინალის წარმომადგენლებთან.

„შეხვედრისას, გიორგი პერტაიამ ისაუბრა ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. მან შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები გააცნო. ამასთან, ხაზი გაუსვა ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალსა და მის მნიშვნელობას.

ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიცირებასთან, მდგრადობასთან, მწვანე ენერგიასთან, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები.

კონფერენციაში მონაწილეობა 30 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები