მიხეილ სარჯველაძე: არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც განწყობილნი არიან, გამოიყენონ დესტრუქციული ხერხი, რათა ხელისუფლებაში მოვიდნენ
“ქართულ პოლიტიკაში ახალი ამბავი არ არის, რომ, სამწუხაროდ, არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავიდანვე განწყობილი არიან, ყოველგვარი დესტრუქციული ხერხი გამოიყენონ საიმისოდ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ განცხადებას, რომ ე.წ. ლიბერალების წარმოებული აგრესიული კამპანია უნდა ამხილონ და აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი აუცილებელია.
„ანტისახელმწიფოებრივი გეგმების შესახებ საუბარს რაც შეეხება, ალბათ, ეს გაცილებით იოლად და თავისუფლად სასაუბრო შეიძლება, იყოს საზოგადოებასთან, მათ შორის, ღიადაც. შესაძლოა, ამ თემების ირგვლივ დისკუსიის ფორმატიც, შინაარსიც და სტრუქტურაც განსხვავებული იყოს. წინასწარ თქმა გამიჭირდება, კონკრეტულ შემთხვევაში ვინ შეიძლება, მოიაზრებოდეს ამ ყველაფერში, მაგრამ შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად მეც დავადასტურო, რომ ამ თემებზე საუბარი და ფიქრი, ნამდვილად აუცილებელია. რა ტერმინითაც არ უნდა მოვიხსენიოთ და როგორი შეფასებაც არ უნდა გავაკეთოთ ძალებზე, რომლებიც დესტრუქციული როლის თამაშს აპირებენ, ბუნებრივია, ეს მხილებას და გამოვლინებას საჭიროებს. რა თქმა უნდა, აუცილებელია საუბარი ამაზე, როგორც პრობლემაზე. ამ შემთხვევაში არა ლიბერალური დამოკიდებულება შეიძლება, იყოს ინტერესის საგანი, არამედ გეგმები, რომლებიც უკავშირდება საქართველოში დესტრუქციული დღის წესრიგის განხორციელებას. ქართულ პოლიტიკაში ახალი ამბავი არ არის, რომ სამწუხაროდ, არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავიდანვე განწყობილი არიან, ყოველგვარი დესტრუქციული ხერხი გამოიყენონ საიმისოდ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამას მიაღწიონ. თუ ისინი ხელისუფლებაში არ არიან, მათთვის დემოკრატიული პროცესი მიუღებელი და წარმოუდგენელია. ამის დასტურად შემიძლია, მაგალითად მოგიყვანოთ გიორგი ვაშაძის ბოლოდროინდელი ქცევა და განცხადებები, რომელიც ღიად ამბობს, რომ პარლამენტიდან უნდა გასვლა, რადგან საკუთარ როლს, ფუნქციას ვერ ხედავს დემოკრატიაში, თუ ის გადაწყვეტილების მიმღები არ არის. ეს ცუდი და არადემოკრატიული ხედვაა, რომ ოპოზიცია ებუტებოდეს პროცესს, თუ ის გადაწყვეტილების მიმღები არ არის. დემოკრატია ასე არსად და არასდროს მუშაობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.