სამი ქვეყნის შესაძლებლობები სისტემაში მოექცევა, რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების კონტროლი უფრო იოლი იქნება, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც აზერბაიჯანი – საქართველო – სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნის საკითხს ეხება.
ანალიტიკოსის თქმით, აღნიშნული პლატფორმით მნიშვნელოვანი შეხვედრები დაიწყება, რომელიც არამარტო პოლიტიკურ და სამშვიდობო პროცესებზე იქნება გამართული. კასრელიშვილმა ალიევის ინიციატივა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას შეაფასა.
„რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიდის. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ინიციატივით გამოვიდა, რომ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ძალისხმევით სამშვიდობო მოლაპარაკებების პლატფორმა შეიქმნას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა. „კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია“ მხარს უჭერს ამ ინიციატივას და საქართველოს მთავრობისადმი ჩვენი თხოვნა იქნება, ეს პროცესები დააჩქაროს, ინიციატივაც გამოიჩინოს და ამ წამოწყებას მხარში დაუდგეს.
გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ, 90-იანი წლებიდან დღემდე, როდესაც ზოგადკავკასიური ერთიანობისთვის, კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისათვის პროგრამაზე ვსაუბრობდით, ერთ-ერთი სამშვიდობო პლატფორმა იყო. ამის შესახებ განცხადება 90-იან წლებში გავაკეთეთ. თბილისში სომხეთის და აზერბაიჯანის დელეგაციები მოლაპარაკებების გასამართად პირველად ჩვენ მოვიწვიეთ. ვფიქრობთ, ამ პლატფორმით ის მნიშვნელოვანი შეხვედრები დაიწყება, რომელიც შემდგომ არა მარტო პოლიტიკურ და სამშვიდობო პროცესებზე იქნება გამართული, არამედ იქნება რეგიონული მასშტაბის მეგაპროექტებზე, სატრანზიტო გადაზიდვებზე. პირველი ნაბიჯი, ალბათ, სწორია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების სტატუსით დაიწყოს, შემდეგ საკოორდინაციო, საინფორმაციო ცენტრიც იქნება. ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ურთიერთობები ჩამოყალიბდება. ეს ურთიერთობები არის, მაგრამ ამ სამი ქვეყნის შესაძლებლობები სისტემაში მოექცევა, რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების კონტროლი უფრო იოლი იქნება”, – განაცხადა კასრელიშვილმა.
მისი თქმით, დელეგაციების შეხვედრებისთვის თბილისი ერთადერთი ადგილია.
„რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ცენტრი თბილისი უნდა იყოს, რამდენიმე მიზეზის გამო: სომხური დელეგაცია აზერბაიჯანში არ ჩავა, აზერბაიჯანის დელეგაციაც სომხეთში ჩასვლას მოერიდება. არცერთ დელეგაციას თბილისში ჩამოსვლა არ გაუჭირდება. რეგიონში მეოთხე მოთამაშეცაა, რომელიც კარგია, რომ ამ ეტაპზე არ გამოჩნდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივა – სამშვიდობო პლატფორმა ამ სამეულის ძალისხმევით შეიქმნას, სწორედაც კარგი გადაწყვეტილებაა. თურქეთი რომც ჩაერიოს და სამივე რესპუბლიკის დელაგაციები სტამბოლში მიგვიწვიოს, ვფიქრობთ, სომხეთის დელეგაციას ადგილზე, თუ სტამბოლში ჩავა, ძალიან სერიოზული პრობლემები ექნება. ამიტომ, ვფიქრობთ, თბილისი ერთადერთი ადგილია. გარდა იმისა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები თბილისში დაიწყება, ეს პლატფორმა სამომავლოდ აფხაზებსა და ოსებთან დიალოგისათვის ჩვენთვისაც გვჭირდება.
მოგეხსენებათ, ეს ინიციატივა მას შემდეგ წამოვიდა, რაც პრაღაში სამშვიდობო, ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც აზერბაიჯანი და სომხეთი მონაწილეობდნენ. პრაღაში გადაწყდა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარს ევროპელები გააკონტროლებენ და დაიცავენ. ბუნებრივია, ისმის კითხვა: ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთი კავკასიაში გავლენებს კარგავს და ევროპელების სასარგებლოდ ბერკეტებს თმობს? რუსეთის გავლენებმა შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში თურქეთი ეკონომიკით შემოვიდა. პოსტსაბჭოთა სივრცეში კვების მრეწველობის პროდუქტები, მსუბუქი მრეწველობა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საშენი მასალები, სხვადასხვა ტიპის ტექნიკა სულ თურქულია. ამას შემდეგ განათლება, მედიცინა შემოჰყვა. ჩვენ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ რუსეთის მცდელობა – კავკასიაში გავლენა შეინარჩუნოს და თურქეთის მცდელობა – კავკასიაში გავლენები მოიპოვოს, რამენაირად კავკასიელებმა გავანეიტრალოთ. კავკასია ჩვენი სასიცოცხლო არეალია და მშვიდობის, სტაბილურობის ფონზე ერთმანეთთან მოლაპარაკებების გზით ეს აუცილებლად უნდა მოვახერხოთ. რუსეთს ამ ეტაპზე შეიძლება, აწყობდეს კიდეც, რომ ევროპელები აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარს გააკონტროლებენ. რუსეთი ახლა უკრაინასთან მძიმე ომშია და ამ ომიდან იოლად ვერ გამოვა, თუ საერთოდ გამოვიდა. მას დამატებითი პრობლემებისთვის არ სცალია“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, სამმხრივ ფორმატში აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პლატფორმა შეიქმნას.