მიხეილ სარჯველაძე: მცდარია შეხედულება, რომ თითქოს, ხელისუფლებამ არაჯეროვანი მხარდაჭერა ან სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ
“მცდარია შეხედულება, რომლის ტირაჟირებასაც ძალიან აქტიურად ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, რომ თითქოს, ხელისუფლებამ არაჯეროვანი მხარდაჭერა ან სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გაკეთებულია.
„თუკი რაიმეში შეიძლებოდა მხარდაჭერა გამოეხატა ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს საზოგადოდ, უკრაინის მიმართ, ყველაფერი ეს გაკეთებულია. ვგულისხმობ, ერთი მხრივ, ჰუმანიტარულ მხარდაჭერას და ჩვენი რესურსების ფარგლებში მართლაც მაღალი და ინტენსიური მხარდაჭერა იყო გამოხატული. მეორე მხრივ, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში იგულისხმება საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების გააქტიურება, რაც შეიძლება ქმედითი რომ იყოს, ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად. იყო ისეთი შემთხვევები, რომ საერთაშორისო მხარდამჭერი დოკუმენტები მოითხოვდა სახელმწიფოთა მხარდაჭერას და ყველა ამას ვერ ბედავდა და ამ ნაბიჯს ვერ დგამდა. არა თუ ყველა, არამედ სულ რამდენიმე ათეული სახელმწიფო იკრიბებოდა ასეთ დროს და მათ შორის ყველგან და ყველა პლატფორმაზე საქართველო იყო. ამიტომ, რა თქმა უნდა, მცდარია შეხედულება, რომლის ტირაჟირებასაც ძალიან აქტიურად ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, რომ თითქოს, ხელისუფლებამ არაჯეროვანი მხარდაჭერა ან სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ. ეს სწორი არ არის“, – განაცხადა სარჯველაძემ.