„ის, რომ ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, მსოფლიო ბანკის ბოლო პროგნოზმაც დაადასტურა,“ – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცუცქირიძის თქმით, საქართველოს წელს, დიდი ალბათობით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება.
„დღეს ჩვენ ეკონომიკური ზრდის ასპექტებს შევეხებით. ვხედავთ, რომ ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. იანვარ-აგვისტოს მონაცემებითაც ორნიშნა მაჩვენებელია. დიდი ალბათობით, ამ წელსაც, როგორც გასულ წელს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება. ეკონომიკური ზრდის ასპექტებს შევეხებით, რადგან ხშირად გარკვეული კითხვები, თუ სკეპტიციზმია ხოლმე, განსაკუთრებით, ოპოზიციური ფლანგის მხრიდან, რომ მოსახლეობა ვერ გრძნობს ამ ეკონომიკური ზრდის სიკეთეებს და ეს ზრდა ცალკეულ რიცხვებამდე დაჰყავთ. პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნო: ის, რომ ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, მსოფლიო ბანკის ბოლო პროგნოზმაც დაადასტურა, როდესაც მსოფლიო ბანკმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5 %-იდან 8, 8 %-მდე გაზარდა. წლის დასაწყისში პროგნოზი გაცილებით დაბალი იყო – 2,5 %. მაისში პირველი კორექტირება მოხდა, როცა მაჩვენებელი 3 %-ით გაიზარდა, დღეს ვხედავთ, რომ კიდევ უფრო გაიზარდა, 5- %-ით.
მთავრობის პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით 8, 5 %-ია. ესეც კონსერვატორულია. ჩვენ, სავარაუდოდ, 10, 5 %-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება.
უნდა შევაფასოთ, თუ რამ გამოიწვია ეკონომიკური ზრდის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მაშინ, როცა რეგიონული და გლობალური ეკონომიკის თვალსაზრისით ძალიან დიდი გამოწვევებია. ბევრ ქვეყანაში გლობალური დაძაბულობა, უკრაინაში ომი ბევრ ნეგატივშია აისახა, მათ შორის, მაღალ ინფლაციაში. ორნიშნა ინფლაციაა ევროზონის ქვეყნებში, რაც ბოლო 40 წელია, არ ყოფილა. მაღალი ინფლაციაა აშშ-ში. ზოგადად, ბევრ ქვეყანაში ეკონომიკის რეცესიაა. სამართლიანია მსოფლიო ბანკის შეფასება, რომ საქართველოს ამ წელს ცენტრალურ აზიასა და ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდა ექნება. ეს პროგნოზი კონსერვატორულია და უფრო მაღალი ზრდა გვექნება. მეორე წელია, მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ეს პატარა ამბავი არაა. შარშანაც დიდი გამოწვევები გვქონდა, რაც პანდემიური პერიოდის პრობლემებთან იყო დაკავშირებული, რომელიც გლობალური შოკის შედეგად საგარეო ვაჭრობაშიც და ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში წარმოიქმნა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ეკონომისტმა ის ფაქტორები დაასახელა, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას ასტიმულირებს.
„ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ეს არის ადგილობრივი წარმოება. გაზრდილი ექსპორტი გაზრდილი შემოსავლები და ახალი სამუშაო ადგილებია. როცა ეკონომიკა იზრდება, მასში უფრო მეტი ინვესტიცია იდება და უფრო მეტი ადამიანი საქმდება.
აგვისტოში ექსპორტი სარეკორდოდ იყო გაზრდილი, თითქმის, 46 %-ით. ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ძალიან მაღალია. ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, გაზრდილია 2019 წელთან შედარებითაც კი, რაც აჩვენებს იმას, რომ საქართველოში ადგილობრივი წარმოება სულ უფრო იზრდება, უფრო მეტი დივერსიფიცირება ხდება. ექსპორტის ზრდასთან ერთად, პროდუქციის ასორტიმენტიც იზრდება.
მეორე ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია ზრდის მაჩვენებელთან და დასაქმებასთან, ტურიზმია. კრიზისამდე პერიოდში ტურიზმი ერთერთი წამყვანი დარგი იყო, ის ძალიან ბევრ ქვედარგს კვებავდა, ბევრ ადამიანსაც ასაქმებდა. როცა პანდემია დაიწყო ყველზე დიდი დარტყმა ტურიზმმა მიიღო. ხელისუფლების გადაწყვეტილება სავსებით სწორი იყო, როცა ბიზნესს, ტურისტულ ინდუსტრიას მთელი რიგი შეღავათები დაუწესა. ეს, პირველ რიგში, გადასახადებს ეხება. ამან გამოიწვია, ის, რომ ტურიზმი ძალიან სწრაფად აღდგა, ფაქტობრივად, აგვისტოში 2019 წელზე მეტი შემოსავალი გვაქვს. იანვარ-აგვისტოში ტურიზმი, ფაქტობრივად, 90 %-ითაა აღდგენილი. ეს პატარა მაჩვენებელი არაა. ესაა გაზრდილი შემოსავლები, სავალუტო შემოდინებები, დასაქმება და შემოსავლები.
მესამე ფაქტორი, რომელიც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას საკმაოდ მნიშვნელოვნად ახორციელებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. ესეც დაკავშირებულია სამუშაო ადგილებთან და ახალ პროდუქციასთან. გარდა იმისა, რომ აქ უცხოური ვალუტა შემოდის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურაც საინტერესოა. მის მდგენელებში გაზრდილია როგორც კაპიტალში ინვესტიციები, ასევე, რეინვესტირების მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებმა მოგების, ანუ დივიდენდების ნაწილი ქართულ ეკონომიკაში დატოვეს. ეს დაკავშირებულია სტაბილიზაციასთან, რომელიც დღეს გვაქვს. ქართული ეკონომიკისადმი ნდობა მაღალია.
მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, თუ როგორ ზემოქმედებს ის დასაქმებაზე. ვხედავთ, რომ უმუშევრობა 4 %-ითაა შემცირებული, 21 %-ზე მეტი იყო, ახლა დაახლოებით 17, 5 %-მდეა. ასევე სიღარიბის მაჩვენებელია შემცირებული. თუ 2012-2013 წლებში სიღარიბის მაჩვენებლის მიღმა ყოველი მესამე ადამიანი იყო , დღეს ეს მაჩვენებელი შემცირებულია და ყოველი მე-5- 6 ადამიანია. მაგრამ იდეალური სიტუაცია არ გვაქვს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რომ, სიღარიბის დონე კიდევ უფრო შემცირდეს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, ლარი მყარია და სავალუტო კურსის სტაბილურობა ბევრი მიმართულებით აისახა.
„გაზრდილია სავალუტო შემოდინებები , გარდა ტურიზმისა და ექსპორტისა, ამას ფულადი გადმორიცხვებიც ემატება. ვხედავთ, რომ სავალუტო კურსი სტაბილურია. ლარი მყარია. ხშირად ლარი მყარდებოდა, მაგრამ ნაკლებად სტაბილურობა ახასიათებდა. ანუ გარკვეული რყევები იყო. სავალუტო კურსის სტაბილურობა ბევრი მიმართულებით აისახა, მათ შორის პროდუქციის ფასებზე. უნდა აღვნიშნო ხორბლის, ბენზინის ფასები. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ფასი საშუალოდ 40 თეთრითაა შემცირებული. ეს 2 თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი: ერთი, რომ ჩვენი მოქალაქეების თანხებს ზოგავს, ვგულისხმობ მათ, ვინც მანქანით მოძრაობს და ასევე პოზიტიურად აისახება ტრანსპორტირების, პროდუქციის ფასებზე.
რაც შეეხება ინფლაციას: ის ევროკავშირში, ზოგადად, მსოფლიოში სარეკორდოა. მაღალი ინფლაცია გამოწვეულია კოვიდპანდემიური შოკით და უკრაინაში მიმდინარე ომით, რამაც მიწოდების ჯაჭვების წყვეტა განაპირობა. ამის გამო პროდუქციაზე საწვავზე ფასები გაიზარდა. ბუნებრივია, ჩვენს ეკონომიკაზე საგარეო ფაქტორები მოქმედებს, რაც ინფლაციაზე აისახება. ჩვენც მაღალი ინფლაცია გვაქვს. ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა და ორიენტირი ინფლაციის შემცირება უნდა იყოს. ეროვნულ ბანკს ძალიან ფხიზლად ყოფნა მოუწევს, რომ მონეტარული განაკვეთი დაიჭიროს. პროგნოზია, რომ მომავალ წელს ინფლაცია მეორე კვარტლისთვის შემცირდება, ალბათ მიზნობრივ მაჩვენებლამდე დავა, რაც 3 %-ია. შეიძლება, 3 არ იყოს, მაგრამ მასთან ახლოს იყოს. ჩემი პროგნოზითაც, ინფლაცია შემცირდება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.