მამუკა მდინარაძე: მზად ვართ კომპრომისისათვის, მაგრამ თუ „ჩაბჟირდებიან“ კანდიდატზე, რომელიც თავის დროზე უფლებადამცველად იწოდებოდა და პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდა, ალბათ, არ იმსახურებს

ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, მაგრამ კომპრომისის ხარისხსაც გააჩნია. თუ მაინცდამაინც „ჩაბჟირდებიან“ კანდიდატზე, რომელიც თავის დროზე უფლებათა დამცველად იწოდებოდა და პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდა, ასეთი ადამიანი ალბათ, არ იმსახურებს არც კომპრომისულ შეთანხმებას და არც სახალხო დამცველობას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი ძალა მზად არის კომპრომისისთვის, რათა ევრო რეკომენდაციის მე-12 პუნქტი „არ ჩავარდეს“.

„ეს იყო ის უიშვიათესი პრეცედენტი და ჩემთვისაც გასაკვირი, როცა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმაც კი ხმა ვერ ამოიღეს იმდენად სწორად, გამჭვირვალედ და „ზესამართლიანად“ დაკომპლექტდა 9 – კაციანი ჯგუფი, რომელიც ქულათა სისტემით ომბუდსმენობის კანდიდატებს შეაფასებს და შემდეგ ამ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტს მიაწვდის. რადგან ამ პროცესმა ასე კარგად ჩაიარა, მე იმედი მაქვს, რომ შეფასებების გათვალისწინებით, სხვა ობიექტური კრიტერიუმებისა და მოცემულობის გათვალისწინებით იქნებ შევძლოთ, რომ ევრო რეკომენდაციის მე-12 პუნქტი არ ჩაგვივარდეს და იქნებ შევძლოთ, რომ ჩვენ საერთო კანდიდატზე შევჯერდეთ. იქნება რთული, იმიტომ რომ ულტიმატუმების ჩანასახი აქაც არის.

ჩვენ მზად ვართ კომპრომისისათვის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვინდა ევრო რეკომენდაციის რომელიმე პუნქტი ჩავარდეს. აქაც მინდა, რომ ზედმიწევნით სწორად წავიდეთ, შევასრულოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და შეიძლება ცოტა მეტი, მაგრამ კომპრომისის ხარისხსაც გააჩნია. თუ მაგალითად, მაინცდამაინც უკაცრავად გამოთქმისთვის, „ჩაბჟირდებიან“ კანდიდატზე, რომელიც თავის დროზე უფლებათა დამცველად იწოდებოდა და პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდა, ასეთი ადამიანი ალბათ, არ იმსახურებს არც კომპრომისულ შეთანხმებას მის კანდიდატურასთან დაკავშირებით და არც სახალხო დამცველობას და ვერც შეძლებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები