მაისაია – ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლაზე: ეს ჩვენ მიმართ არა მარტო არამეგობრული, არამედ მტრული ნაბიჯია
უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსის, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლა ჩვენ მიმართ არა მხოლოდ არამეგობრული, არამედ მტრული ნაბიჯია. ამის შესახებ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ლუკაშენკომ ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია. მან დე იურედ აღიარება განახორციელა. შეიძლება, სიტყვით არ თქვა, მაგრამ საქმით ეს დი იურედ აღიარებას ნიშნავს. პროკურატურამ შეიძლება, მის წინააღმდეგ თუნდაც მოკვლევა აღძრას. სულ მცირე, ჩვენი ელჩი კონსულტაციებისთვის უნდა გამოვიწვიოთ, ბელარუსის რესპუბლიკასთან დროებით დიპლომატიური ურთიერთობა შევაჩეროთ. ეს არის არა მარტო არამეგობრული, არამედ მტრული ნაბიჯი ჩვენს მიმართ. ეს დაძაბავს საქართველო – ბელარუსის ურთიერთობას. შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არაღიარების პოლიტიკას ნაკლებად დააზარალებს. ერთი მომენტი – ბალარუსი საერთაშორისო პოლიტიკური სანქციების ქვეშ თავად არის. მეორე – არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში ეს დიდად არაფერს ცვლის იმიტომ, რომ ბალარუსს და რუსეთს შექმნილი აქვთ ერთიანი სამოკავშირეო ხელშეკრულება, ეს შეიძლება, განიხილებოდეს, როგორც ერთიანი, რუსული გამბიტი. მთავარია, რომ დსთ-ის სხვა სახელმწიფოები ასეთ ნაბიჯს არ გადადგამენ. ისეთი ქვეყნები როგორიცაა ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ა.შ.
ყველას ჰგონია, რომ ეს ვიზიტი მოულოდნელი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ვიზიტი დაახლოებით 3 თვის განმავლობაში მზადდებოდა. ჯერ კიდევ ამა წლის 24 ივნისს ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს მთავრობის რუხი კარდინალი, მისი სპეცწარმომადგენელი ვიქტო შეიმანი ჩავიდა, რომელმაც შეხვედრის მომზადება დაიწყო. ეს ვიზიტი კი წინა კვირას განხორციელდა. საინტერესოა, რა მიზნებს შეიძლება, ემსახურებოდეს აღნიშნული. ლუკაშენკოს ვიზიტი, როგორც ჩანს, დაკავშირებულია პუტინთან წინა დღის საუბრებთან . შემიძლია გითხრათ, რომ ლუკაშენკო პუტინთან მიმართებით, ფაქტობრივად, ვაჭრობს. როგორც ჩანს, პუტინი ცდილობდა, ლუკაშენკო დაეყოლიებინა, უკრაინასთან ომში ყოფილიყო ჩათრეული. კრემლი დიდი ხანია ამზადებდა იმას, რომ ბელარუსი უკრაინაში ომთან მიმართებით მისი სტრატეგიული მოკავშირე ყოფილიყო. შესაბამისად, ეს პროცესი ამ ეტაპზეც მიმდინარეობდა. ლუკაშენკო საკმაოდ ცბიერი და ჭკვიანი პოლიტიკოსია. როგორც ჩანს, მან ორი ბოროტებიდან, მცირე ბოროტება აირჩია. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩასვლა აირჩია, რათა პუტინის შეკვეთა შეესრულებინა”, – განაცხადა მაისაიამ.
მისივე თქმით, ვიზიტი საქართველოზე ზეწოლის ფაქტორთანაა დაკავშირებული.
„რატომ მაინცდამაინც აფხაზეთის ტერიტორია? ალბათ, ეს საქართველოზე ზეწოლის ფაქტორთანაა დაკავშირებული. კრემლისთვის საქართველო საკმაოდ სერიოზულ და მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ სივრცეს წარმოადგენს: საქართველო კარიბჭეა არა მარტო კავკასიის რეგიონში, არამედ აღმოსავლეთში და ცენტრალური აზიის მიმართულებით, მთლიანად შავი ზღვის აკვატორიის მიმართულებით. მეორე – საქართველოს რუსეთისთვის სასურველი სატრანზიტო-კომუნიკაციური ხაზის ფუნქცია აქვს, მესამე – როგორც ჩანს, ეს ასევე ერთგვარი მესიჯი იყო იმისათვის, რომ ჩვენს ხელისუფლებას ლარსის მონაკვეთზე რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადაეკეტა, რათა რუსეთიდან გამოქცეული წვევამდელები და სამობილიზაციო ჯგუფის მოსახლეობა ჩვენს ტერიტორიაზე არ დაეშვა.
კიდევ ერთი მომენტი შეიძლება, ისიც იყოს, რომ ამ ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების და რუსეთის ტერიტორიების ე.წ. გაფართოების შემდეგ, არაა გამორიცხული, კრემლს ანალოგიური ტიპის ტენდენციების დაწყება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ჰქონდეს გადაწყვეტილი. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შეიძლება, უფრო უკრაინული ვარიანტი იქნეს გამოყენებული, რადგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთება ჩრდილო ოსეთზე კრემლისთვის შედარებით იოლი მექანიზმია. ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებით კრემლს რთული სიტუაცია აქვს. აფხაზეთის ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმი ითხოვს, რომ ისეთივე ტიპის ასოცირებული ხელშეკრულება დაიდოს, როგორიც რუსეთს ბელარუსთან აქვს. ფაქტობრივად, ერთიანი სამეკავშირეო გაერთიანება შეიქმნას. ეს საკითხი კრემლის მიერაც არაერთხელ გაჟღერებულა და აფხაზი სეპარატისტული ძალების მიერაც. ესაა საქართველოზე ერთგვარი ზეწოლის ფორმა. როგორც ჩანს, კრემლს სურს, საქართველო ფაქტობრივად, ერთგვარ მარწუხებში ჰყავდეს იმ ფონზე, როცა უკრაინაში სერიოზული პრობლემები აქვს. ვხედავთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ არა მარტო დონეცკის რეგიონის დეოკუპაციას, რომ არაფერი ვთქვათ ხარკოვის დეოკუპაციაზე, ბოლო მონაცემებით, ისინი ხერსონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ და ფაქტობრივად, 30 კილომეტრის სიღრმეში, ჩრდილოეთის სივრცის კუთხით ოკუპირებული ტერიტორიები გაათავისუფლეს. ალბათ, უშუალოდ ხერსონის გათავისუფლების ჯერი მალე დადგება. შესაბამისად, ამით პუტინს შეიძლება, ე.წ ანექსიის პოლიტიკა ჩაუვარდეს და მას ეჩქარება, ანექსია მოახდინოს.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება საომარი მოქმედებები მობილიზაციის შემდეგ. მობილიზაციის შედეგად გაწვეულებს სულ მცირე 1-2-თვიანი გადამზადება სჭირდებათ. მათი საომარ მოქმედებებში პირდაპირი ჩართვა საკმაოდ რთული საქმეა. ამავე დროს ბოლო მონაცემებში გამოჩნდა, რომ რუსეთი მობილიზაციისთვის საკმაოდ მოუმზადებელი აღმოჩნდა. გამოვლინდა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ნეპოტიზმი, კრონიზმი, დიდი კორუფცია ყვავის. სერიოზული პრობლემებია სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის მიმართულებითაც, საწვავით მომარაგების კუთხითაც. რაც ყველაზე მთავარია: რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გამოცდილი სამხედრო გენერალიტეტის საკმაოდ სერიოზული დეფიციტი აღმოჩნდა“, – განაცხადა მაისაიამ.