ვარლამ (ბიძინა) ერისთავი – საქართველოს ეგზარქოსი, რომლის მოღვაწეობაც საზოგადოებაში უარყოფითად შეფასდა

საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ვარლამი (ერისკაცობაში – ბიძინა ერისთავი) დაიბადა 1763 წლის 8 აგვისტოს ქსნის საერისთაოში. მამა – დავით ქსნის ერისთავი, დედა — თინათინ მაჩაბელი.

პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 1784 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სწავლის დროს მას მფარველობდა მაშინდელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I ბაგრატიონი, რომლის ძალისხმევითაც ვარლამმა საფუძვლიანად შეისწავლა სასულიერო და საერო ლიტერატურა.

ახალგაზრდობიდანვე აღიკვეცა ბერად და მალევე მღვდელმონაზონის ხარისხში იქნა აყვანილი. ქართლ-კახეთის სამეფო კარის გადაწყვეტილებით, ვარლამი დაინიშნა ახტალის ეპარქიის მმართველად.

წყაროები გადმოგვცემენ, რომ ვარლამ ერისთავი იყო შესანიშნავი მქადაგებელი და „ძლიერ დახელოვნებული საღმრთო წერილში“, შესანიშნავი რიტორი, მოქადაგე და ენების მცოდნე.

იოანე ბატონიშვილის დახასიათებით, – „იგი იყო ღრმად განსწავლული, საფილოსოფიო სწავლისა და ღვთისმეტყველებასა შინა მეცნიერი, უცხო რიტორი და მშვენიერი მოქადაგე… ამან ისწავლა რუსული ენა კეთილად და ქმნა საუფლოთა და სხვათა დღესასწაულთა ქადაგებასა წიგნი საამო სასმენი და კარგა დათხზული“.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1794 წლის 16 ივნისს ახტალის მთავარეპისკოპოსმა, ვარლამმა ითხოვა მოსკოვს გამგზავრება, იქ დარჩენისა და განათლების სრულყოფის მიზნით. რუსეთში ჩასული სანქტ-პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის მონასტერში დაემკვიდრა.

ვარლამ ერისთავის რუსეთში მოღვაწეობა ნაყოფიერი აღმოჩნდა: ზედმიწევნით კარგად შეისწავლა რუსული ენა და სასულიერო ლიტერატურა, გარდა ამისა, დაეუფლა ებრაულსა და ძველ ბერძნულს.

1801 წ. იმპერატორ პავლე I-ის განკარგულებით აირჩიეს რუსეთის უწმინდესი სინოდის წევრად (1801-1808 წწ.). ამავე წლიდან იყო სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტის, ამბროსის (პოდობაევი) მრჩეველი.

პეტერბურგში მოღვაწეობის დროს ვარლამმა ააღორძინა არჩილ მეფის მიერ მოსკოვში დაარსებული ქართული სტამბა და ხელი მიჰყო საგამომცემლო საქმიანობას.

1802 წელს რუსულ ენაზე დაიბეჭდა მისი ნაშრომი “ქართული ენის მოკლე გრამატიკა”, რომელიც მიზნად ისახავდა,  მკითხველს ინტერესი გასჩენოდა ახლად შემოერთებული ქართველი ხალხის ენის მიმართ. 1806 წელს გამოსცა თავის მიერ შედგენილი „სადღესასწაულო“. მასვე ეკუთვნის ნაშრომი „განმარტებანი სახარებისა“, რომელიც შემდგომში რუსულად ითარგმნა.

1803 წლის 13 თებერვალს დაჯილდოვდა წმინდა ანას I ხარისხის ორდენით.

1808 წელს ვარლამი საქართველოში დააბრუნეს. საიმპერატორო კარს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება სურდა და დიდ იმედს ამყარებდა ამ საქმეში მის დახმარებაზე.

1810 წ. 3 ნოემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II-ის რუსეთში გაწვევის შემდეგ, ვარლამი დაინიშნა კათალიკოსის მოვალეობის შემსრულებლად. იმავე წლის 30 ივნისს კავკასიაში რუსეთის ხელისუფალთა დავალებით, ვარლამმა შეადგინა აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტი, რომელიც სასულიერო დიკასტერიის დაარსებას, საქართველოს საეგზარქოსოს შექმნას და რუსეთის სინოდისადმი მის დაქვემდებარებას ითვალისწინებდა.

1811 წლის 8 ივლისს პროექტი მცირე ცვლილებით დაამტკიცა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა, ხოლო ვარლამი დაინიშნა მცხეთის მიტროპოლიტად დ საქართველოს პირველ ეგზარქოსად, ხოლო დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს გაუქმების (1814) შემდეგ – საქართველო-იმერეთის ეგზარქოსად.

ვარლამ ერისთავი მუდმივად ზრუნავდა ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განათლებაზე, რაზეც იოანე ბატონიშვილის ჩანაწერიც გვამცნობს: „ამან ასწავლა სხვათა და სხვათა მოწაფეთა საფილოსოფოსო სწავლანი“. მისი მეშვეობით ფილოსოფიურ- საღვთისმეტყველო ცოდნას დაუფლებია ცნობილი გრამატიკოსი იოანე ქართველიშვილი, რომლის ნაშრომი „ქართული გრამატიკა“ დაიბეჭდა 1815 წელს თბილისში.

ვარლამი საქართველოს ეგზარქოსი იყო 1811-1817 წლებში. მისი ეგზარქოსობის დროს აშენდა ქაშვეთის ეკლესიის კარიბჭე, ჯვრის ამაღლების ეკლესია და სიონის ახალი სამრეკლო. მიუხედავად ყველაფრისა, მისი საქართველოში მოღვაწეობის წლები საზოგადოებაში უარყოფითად შეფასდა. ბაგრატ ბატონიშვილი მის შესახებ წერდა: „ამან არა მზრუნველმან ეკლესიათამან, არამედ მოხვეჭისა და შეძინების გამო მოუხვნა ყოველთავე მღვდელმთავართა ეპარქია, რომელიცა აქვნდათ და განუწესა მცირე რამე როჭიკი“.

ვარლამის საქართველოში მოღვაწეობით კმაყოფილი არც რუსეთის საიმპერატორო კარი აღმოჩნდა და რადგან ახალი საეკლესიო კანონების გატარების დროს მან ვერ შეძლო დასავლეთ საქართველოს მაღალი სამღვდელო წრეების წინააღმდეგობათა დაძლევა, სინოდმა იგი თეოფილაქტეთი (რუსანოვი) შეცვალა.

1817 წლის 14 მაისს ვარლამი პეტერბურგს, სინოდში გაიწვიეს, სადაც იგი 1825 წლამდე დარჩა.

ეგზარქოსობიდან გადაყენებული, მოსკოვში მყოფი ვარლამი, კვლავ საგამომცემლო მოღვაწეობას ეწეოდა. გამოსცა ოცამდე წიგნი, მათ შორის: 1821 და 1824 წწ. -„სადღესასწაულო“ (რუსულად); 1825 წელს — „განმარტება სახარებისა“.

ქართულ და რუსულ ენებზე ქვეყნდებოდა მისი ქადაგებანიც. ჩვენამდე ბეჭდური სახით არსებულმა ხუთმა ქადაგებამ მოაღწია.

ქადაგებებისა და „ქართული გრამატიკის“ გარდა, ვარლამს ეკუთვნის სხვა ნაშრომებიც: „გეოგრაფიული ატლასი“, სახელმძღვანელო არითმეტიკისა, „ლექსი მირიან ბატონიშვილთან მიწერილი“ და სხვა. მისი ლექსები დაცულია ხელნაწერების სახით (S-1512, 3723, 1164).

1821 და 1825 წლებში ვარლამმა ქართულ და რუსულ ენებზე დაბეჭდა ანტონ კათალიკოსის „განმარტება სახარებისა საუფლოთა და ღვთისმშობლის დღესასწაულთა და ჰსწავლანი კეთილჩვეულებათა მასწავლებელი“.

ვარლამ ერისთავი დიდად აფასებდა ანტონ I-ის ღვაწლს ქართული საეკლესიო მწერლობის განვითარებაში. თავისი კეთილგანწყობილება მასწავლებლის მიმართ მან იმითაც გამოხატა, რომ დიდად იზრუნა მისი საფლავის კეთილმოწყობისათვის. მასვე  ეკუთვნის ანტონ კათალიკოსისადმი მიძღვნილი ეპიტაფიაც.

1825-1830 წწ. ვარლამი განაგებდა მოსკოვის დანიელის მონასტერს, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1830 წლის 30 დეკემბერს. დაკრძალულია იქვე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები