ვინ იყო ქართველი მეცნიერი, რომელმაც 23 წლის ასაკში წარადგინა ქართულ–რუსული–ფრანგული ლექსიკონი

დავით ჩუბინაშვილი ფართო ჰუმანიტარული პროფილის მეცნიერია. დაიბადა თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზის, იესე ჩუბინაშვილის ოჯახში. განათლება მიიღო პეტერბურგის ანას სახელობის სასწავლებელში. 1840 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური სიტყვიერების ფაკულტეტი. 1844 წლიდან ამავე უნივერსიტეტში ასწავლიდა ქართულ ენას. პარალელურად მსახურობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის დეპარტამენტში. 1855-1871 წლებში იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართული ენისა და სიტყვიერების კათედრის გამგე და პროფესორი. 1860 წლიდან რუსეთის გეოგრაფიული, ხოლო 1869 წლიდან საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრი და ფილოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრია. აქტიურად იყო ჩაბმული “ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში”. თანამშრომლობდა ქართულ (“ივერია”, “დროება”) და რუსულ პრესაში.

დავით ჩუბინაშვილმა დიდი შრომა გასწია ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა შესწავლა–გამოცემისთვის. მონაწილეობდა “ვეფხისტყაოსნის” 1841 წლის გამოცემაში, რომელსაც მანვე დაურთო ლექსიკონი. 1842 წელს გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი რუსთველოლოგიური გამოკვლევა “ქართული პოემის “ვეფხისტყაოსნის” შესახებ”, რომელშიც იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივ–პოლიტიკური და კულტურული მდგომარეობის მეცნიერული დახასიათების საფუძველზე დაასაბუთა “ვეფხისტყაოსნის” შექმნისა და საერთოდ ქართული საერო მწერლობის (მოსე ხონელი, სარგის თმოგველი, იოანე შავთელი, ჩახრუხაძე) განვითარება–აღმავლობის ისტორიული კანონზომიერება. მეცნიერს ეკუთვნის “ვეფხისტყაოსნის” რიგით მესამე და მეოთხე გამოცემები (ვახტანგ VI–ის და მარი ბროსეს შემდეგ). მას დიდი წვლილი მიუძღვის აგრეთვე ი. ბარტდინსკის მიერ “ვეფხისტყაოსნის” პოეტური თარგმანის მომზადებაში (1845 წ.). დავით ჩუბინაშვილმა შაედგინა ქართული ლიტერატურის ქრესტომათიის სამტომეული (პეტერბურგი. ნაწ. I-II. 1846 წ. 1860-63 წწ.). I ტომში შესულია პროზაული ტექსტები – ბიბლიის თარგამნები, მოწამეთა ცხოვრებანი და სხვა მასალები საერო ლიტერატურიდან: “ამირან-დარეჯანიანი”, “რუსუდანიანი”, “ვისრამიანი”, “ქილილა და დამანა”, სულხან–საბა ორბელიანის არაკები, ცნობები ქართული მონასტრების შესახებ ტიმოთე გაბაშვილის “მოგზაურობის” მიხედვით, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი, მირიანისა და ვახტანგ მეფის ცხოვრება, ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელების ცხოვრება, ქეთევანისა და ლუარსაბის მარტვილობანი, ქართული ანდაზები. 1863 წ. დავით ჩუბინაშვილის ქრესტომათია გამოიცა გაფართოებული სახით. დამატებულია “თამარიანი”, “ყარამანიანი”, “დავრიშიანი”, “ვარდბულბულიანი”, “კატის ომი”, დავით გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები და სხვა. მეცნიერმა დიდი წვლილი შეიტანა “ქართლის ცხოვრების” ბროსეს რედაქციით 5 ტომად (1849-1857 წწ.) გამოცემაში, მას ეკუთვნის II ტომის რედაქცია და კომენტარები.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, დავით ჩუბინაშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართულ ლექსიკოგრაფიას. ჯერ კიდევ სტუდენტმა, 23 წლის ასაკში წარუდგინა მეცნიერებათა აკადემიას ქართულ–რუსული–ფრანგული ლექსიკონი, რომელიც 1940 წელს გამოიცა აკადემიის ხარჯით და დემიდოვის პრემია დაიმსახურა. მკვლევარმა ეს პრემია მეორედ 1846 წელს მიიღო, როცა გამოსცა რუსულ–ქართული ლექსიკონი. ნაშრომს წამძღვარებული აქვს ქართული ენის გრამატიკის ნარკვევი. 1855 წელს მეცნიერმა რუსულ ენაზე გამოაქვეყნა “მოკლე ქართული გრამატიკა”, რომელშიც ძირითადად მოცემულია ახალი ქართული ენის ანალიზი. 1887-1891 წლებში გამოსცა ქართულ–რუსული ლექსიკონი. დავით ჩუბინაშვილს გამოქვეყნებული აქვს ქართველ მეფეთა მიმოწერა რუს ხელმწიფესთან (85 საბუთი), თეიმურაზ ბაგრატიონის “საქართველოს ისტორია” და სხვა. მის მიერაა მოპოვებული არაერთი ძველი ქართული ხელნაწერი: “ქართლის ცხოვრების” ნუსხა, იოანე ოქროპირის თხზულებათა კრებული “მარგალიტი” და სხვანი, რომლებიც მთელ თავის ბიბლიოთეკასთან ერთად “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას” გადასცა.

გარდაიცვალა პეტერბურგში, დაკრძალულია ნიკოლსკის სასაფლაოზე ალექსანდრე ნეველის ლავრის მახლობლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები