ლევილის მამულში განსათავსებელი ოდა სახლის პროექტი დამტკიცდა

ლევილის მამულში ქართული ოდა სახლი განთავსდება, როგორც ამას ითვალისწინებს მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტი და ის პირობები, რომელთა შესრულების დათქმითაც, მამული დაუბრუნდა მის ნამდვილ მესაკუთრეს, ქართველ ხალხს. უკვე დამტკიცდა ოდის შესაბამისი პროექტი, რომლის ავტორია არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე.

ამჟამად, პროექტის ფრანგულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ფრანგ კოლეგებთან, ლევილის მერიასა და შესაბამისი რეგიონის პრეფექტურასთან. ლევილის მერიის ცნობით, სამშენებლო ნებართვასა და სხვა საჭირო პროცედურებს 6-9 თვე შეიძლება დასჭირდეს. 275 კვ.მ. ფართობის ქვის დაბალ ხიმინჯებზე აღმართულ ოდა სახლში მოეწყობა დარბაზული სივრცე სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. დარბაზის გვერდით მდებარე ოთახში შესაძლებელი იქნება ქართული სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ოდის მიმდებარედ ასევე მოეწყობა 28 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თანამშრომლობის შედეგად, უკვე მოძიებულია და შესყიდულია ოდისთვის საჭირო ხის მასალა და უახლოეს პერიოდში დაიწყება დამუშავების სამუშაოები. ამჟამად, მიმდინარეობს შესაბამისი კომპანიის მოძიება, რომელიც მასალის დახერხვის პროცესს გაუწევს ზედამხედველობას.
ოდა სახლს ქართველი ოსტატები დაამზადებენ საქართველოში. მასალა მათ მიერ ანტისეპტიკურად იქნება დამუშავებული. ოდა სახლი აეწყობა ჯერ საქართველოში, შემდეგ დაიშლება და ლევილის მამულში გადაინაცვლებს.
შესაბამისად, ხის ყველა ელემენტი და კვანძები დამუშავდება საქართველოში, ხოლო ოდის კაპიტალური ნაწილი ფრანგული მხარის მონაწილეობით მოეწყობა. სახურავის სამუშაოებს კრამიტის ბურულის ჩათვლით შეასრულებს ქართული მხარე. როგორც ცნობილია, 2021 წლის ზაფხულში, პროექტი სახელწოდებით „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის შექმნა” გადაეცა ახალშექმნილ უწყებას – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
მამულის სამინისტროსთვის გადმოცემის შემდეგ, მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, პარიზში, ლევილსა და თბილისში, მამულის მმართველი კომიტეტის რამდენიმე სხდომა გაიმართა, რომელზეც მამულის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ერთხმად იქნა მიღებული. მამულის სრული რეაბილიტაცია გადმოცემიდან 10 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს. ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა ლევილის შატოს და სხვა ძირითადი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიზნით. მამულის ტერიტორიაზე 2026 წლის სექტემბრამდე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე – ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები, რითაც საქართველო ევროპაში შეიძენს მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს და გააგრძელებს დიდ ტრადიციას, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა და წარმომადგენლებმა ჩაუყარეს საფუძველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები