პირველ შვიდ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ ბიუჯეტი უფრო მეტ საბიუჯეტო შემოსავალს მიიღებს, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, მეტი საბიუჯეტო შემოსავალი უფრო მეტი სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების საშუალებას იძლევა. ანგურიძე 2022 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.
„როგორც ცნობილია, მთავრობამ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომელიც ბიუჯეტის გაზრდილ პარამეტრებს ითვალისწინებს და, სავარაუდოდ, პარლამენტიც ამას დაამტკიცებს. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ეს პარამეტრები, ცვლილებები რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. პირველ ყოვლისა, მიმდინარე წელს ექსპორტის რეკორდული ზრდა უნდა აღინიშნოს. მოგეხსენებათ, ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საზღვარგარეთ ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდება. ქართული პროდუქციის პოპულარობა მატულობს, რაზეც ადგილობრივი წარმოების ზრდა მეტყველებს. მეორე მხრივ, დასაქმების ხელშეწყობის თვალსაზრისით უფრო მეტი აქტიურობაა და ეს სტატისტიკურადაც უკვე რიცხვებში ჩანს, ბოლო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება.
რაც ყველაზე მთავარია და ამ სიტუაციაში ჩვენს ეკონომიკურ ზრდას დიდად ხელს უწყობს, ტურიზმის აღდგენის საკმაოდ სწრაფი ტემპია. როგორც უკვე გაცხადდა და რიცხვებიდანაც ჩანს, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პრაქტიკულად, 86%-იანი აღდგენის დინამიკა გვაქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ეკონომიკამ და ბიზნესმა ადაპტირება ძალიან სწრაფად მოახდინეს. პანდემიის პერიოდში ამ მომენტისთვის მოემზადნენ. პანდემიის დასასრულ, ქვეყანაში ტურისტების შემოდინებას სახელმწიფოც მომზადებული დახვდა, გაფართოებული აეროპორტებით, ტერმინალებით, გაზრდილი მასშტაბებით და, შესაბამისად, მომზადებული სიტუაციით. ასევე, ამ პროცესში დიდ გავლენას ახდენს ის, რომ რეგიონში, პრაქტიკულად, ერთადერთი ქვეყანა ვართ, ვინც მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა. სახელმწიფომ წინასწარ განაცხადა, რომ ის არ აპირებდა ომს, ტერიტორიების დაბრუნებას საომარი მოქმედებებით არ დაიწყებდა. ამან, რა თქმა უნდა, რეგიონში, პრაქტიკულად, ერთადერთ ქვეყნად გვაქცია, სადაც სტაბილურობა და სიმშვიდეა. მოგეხსენებათ, საომარი თვალსაზრისით ჩვენს სამხრეთში, ჩრდილოეთში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. თურქეთში სავალუტო კრიზისია. ბევრი ექსპერტი ამ კრიზისს 90- იანი წლების კრიზისსაც ადარებს, როდესაც ლირის სწრაფი გაუფასურება მოხდა.
პირველ შვიდ თვეში ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ ბიუჯეტი უფრო მეტ საბიუჯეტო შემოსავალს მიიღებს. მეტი საბიუჯეტო შემოსავალი უფრო მეტი სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების საშუალებას იძლევა. ესენია ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის პროექტები, არის დაფინანსებები სპორტის მიმართულებით. დაფინანსების ეს პოლიტიკა, პრაქტიკულად, ყველა სფეროს მოიცავს.
შესაბამისად, გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების და შემდგომ გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების მომხამრებელი საზოგადოების ყველა ფენა იქნება. ზოგი ამ საბიუჯეტო სიკეთეების პირდაპირ მიმღები იქნება, ზოგი კი – ირიბად მიმღები, მაგალითად, ასეა ინფრასტრუქტურის შემთხვევაში. ამ სარგებელს, პრაქტიკულად, მოსახლეობის ყველა ფენა იღებს. პოლიტიკა, რომელიც რეგიონში გვაქვს დაჭერილი, უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, მივიღოთ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია, ტურისტი, უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ. მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილური პოლიტიკა და მთავრობამ ექსპორტზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელება განაგრძოს“, – განაცხადა ანგურიძემ.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, დაახლოებით, 700 მილიონი ლარით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები კი, მილიარდ 266 მილიონით იზრდება. „განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები ითვალისწინებს – რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს 8,5%-ის ოდენობით, ნაცვლად მანამდე არსებული 6%-ისა, ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 10,5%-ს. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 72,2 მლრდ ლარამდე, რითაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 6 500 დოლარს აჭარბებს, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 1 266,0 მლნ ლარის ოდენობით და განისაზღვრება 16 824,0 მლნ ლარის ოდენობით“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია ორი ძირითადი მიზნის მიღწევაზე – ესაა ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება.
„პირველი არის მაკროეკონომიკური პარამეტრების კიდევ უფრო გაუმჯობესება, რაც ქვეყნისთვის მდგრადი და გრძელვადიანი ზრდის აუცილებელი პირობაა და მეორე ესაა მიმდინარე საჭიროებებზე დამატებითი ფინანსების გამოყოფა. 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4,4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის 51%-იანი ნიშნულის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, 2022 წელს ჩვენ ვიღებთ 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს, ვიდრე ბიუჯეტით გვქონდა დაგეგმილი და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე, რაც იმაზე უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე ქვეყანას ჰქონდა პანდემიამდე პერიოდშიც კი. მთავრობის ვალის შემცირება 60%-დან უსაფრთხო – 40%-იან ნიშნულამდე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნისთვის. ამასთანავე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებით მიიმართება, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, სოციალური და სხვა მიმართულებებით“, – განაცხადა მინისტრმა.