ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი: ეს არის საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების, ერგნეთის ფორმატის შეხვედრების შედეგი

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების თითქმის სამ-წლიანი შეზღუდვის შემდეგ, ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ნაწილობრივ იხსნება.

აღნიშნულს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების, ერგნეთის ფორმატის შეხვედრების შედეგია.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ეს არის საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების ერგნეთის ფორმატის შეხვედრების შედეგი. ასევე, იყო ე.წ. პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირება. როგორც ჩანს, მან ეს დაპირება შეასრულა და ძალიან კარგია და თუკი მსგავსი ნაბიჯები მოსახლეობის სასიკეთოდ გადაიდგმება სამომავლოდ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. წლის ბოლომდე, ყოველ თვე, ათი დღის განმავლობაში გაიხსნება ხოლმე. შეზღუდვა სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. რა თქმა უნდა, ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, რომლებსაც გადაადგილების, სამედიცინო დახმარების და სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხის მიღების ფუნდამენტური უფლება არ გააჩნიათ”, –  აცხადებს თინიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები